რატომ უნდა ვუყუროთ UFC 264-ს - UFC-ის საიტმა თოფურიას ბრძოლა გამოარჩია
Aa
Aa

რატომ უნდა ვუყუროთ UFC 264-ს - UFC-ის საიტმა თოფურიას ბრძოლა გამოარჩია

თბილისის დროით 11 ივლისს, UFC 264 გაიმართება და ილია თოფურიას ვიხილავთ, რომელიც რაიან ჰოლს დაუპირისპირდება. ღონისძიების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, UFC-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა ის მიზეზები დაასახელა, რომელთა გამოც UFC 264 უნდა ვუყუროთ. ჩვენთვის საინტერესო ისაა, რომ ერთ-ერთი მათგანი თოფურიასა და ჰოლის ბრძოლას უკავშირდება.

„ქვემსუბუქ წონით დივიზიონში მოასპარეზე ილია თოფურია მოგება-წაგების ბალანსის 11-0-ზე აყვანას შეეცდება და ელ მატადორი გახლავთ მებრძოლი, რომელსაც UFC 264-ის მიმდინარეობისას თვალი აუცილებლად უნდა ადევნოთ. მიუხედავად იმისა, რომ იგი UFC-ში მესამედ ჩხუბობს, თოფურიამ ორი დომინანტური გამარჯვება უკვე მოიპოვა. მისი დებიუტი გასულ ოქტომბერში შედგა, როცა იუსეფ ზალალთან ბრძოლას ჩხუბამდე რამდენიმე დღით ადრე დათანხმდა. თოფურიამ ზალალი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა, ხოლო რვა კვირის შემდეგ, დეიმონ ჯექსონი პირველ რაუნდში დაანოკაუტა.

თოფურია მოწადინებულია, რომ ტოპ 15-ში მოხვდეს და იმედი აქვს, რაიან ჰოლის დამარცხებით მიზანს მიაღწევს. ეს უკანასკნელი The Ultimate Fighter-ის 22-ე სეზონის გამარჯვებულია და ბოლოს 2019 წლის ივლისში იჩხუბა, როცა დარენ ელკინსი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. ჯადოქარმა სადებიუტო ბრძოლა წააგო, თუმცა შემდეგ ზედიზედ 8-ჯერ იმარჯვა. თვალი ორივე მებრძოლს უნდა ადევნოთ და ისინი ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ 15-ს შორის მოხვედრას უმიზნებენ“, - წერს UFC-ის ვებგვერდი.

თოფურიასა და ჰოლის ბრძოლის გარდა, UFC-ის ოფიციალური ვებგვერდი შემდეგ მიზეზებზე საუბრობს:

1- ტრილოგიის დასასრული - კონორ მაკგრეგორისა და დასტინ პორიეს დაპირისპირება.

2 - ნახევრად საშუალო წონითი დივიზიონის ტოპ 5-ის წევრი მებრძოლების ჩხუბი - გილბერტ ბერნსი სტივენ ტომპსონის წინააღმდეგ.

3 - ბრძოლა, რომელიც უყურადღებოდ რჩება, მაგრამ შესაძლოა, ერთ-ერთი საუკეთესო იყოს - ნიკო პრაისი მიჩელ პერეირას წინააღმდეგ.

4 - პერსპექტიული მებრძოლები - თოფურიასა და ჰოლის ბრძოლის გარდა, ტრევინ ჯაილსისა და დრიკუს დუ პლესისის ჩხუბი გამოარჩიეს.

5 - ლას-ვეგასში, ჩხუბის მსოფლიო დედაქალაქში დაბრუნება, სადაც ღონისძიებაზე მაყურებლები დაესწრებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები