„წლის ბოლოს ტოპ 10, გაისად - ჩემპიონობა
Aa
Aa

„წლის ბოლოს ტოპ 10, გაისად - ჩემპიონობა" - AS-ის სტატია ილია თოფურიაზე

გავლენიანმა ესპანურმა გამოცემამ, AS-მა UFC-ის ქართველი მებრძოლის, ილია თოფურიას შესახებ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა და „ელ მატადორს“ ინტერვიუც ჩამოართვა. სტატიაში მოახლოებულ ბრძოლასა და თოფურიაზეა საუბარი.

„ილია თოფურიას ბევრი დადებითი თვისებიდან ერთ-ერთი მისი თავშეკავებულობაა. 24 წლის ქართველი ვეტერანი მებრძოლისთვის დამახასიათებელი სიმშვიდით გამოირჩევა და არაფერია ისეთი, რასაც მისი ანერვიულება შეუძლია. ამ შაბათს, იგი UFC 264-ზე იჩხუბებს, რომლის მთავარი ბრძოლა მაკგრეგორსა და პორიეს შორის გაიმართება და ამ ღონისძიებისადმი უდიდესი ინტერესია.

ზალალთან მოპოვებული გამარჯვებისა და დეიმონ ჯექსონთან გაფორმებული შესანიშნავი ნოკაუტის შემდეგ, თოფურია ერთ-ერთი მებრძოლია, რომელსაც თვალი უნდა ვადევნოთ. ილია მაკგრეგორისა და პორიეს ქარდზე იჩხუბებს, რის გამოც ინტერესი ბევრად დიდი იქნება, თუმცა მატადორი ამაზე არ ღელავს. „ეს ძალიან კარგია. ღონისძიებას რაც უფრო ბევრი ნახავს, მით უფრო ბევრი ადამიანი იხილავს, როგორ გავიბრწყინებ“, - ამბობს თოფურია.

ილიას წინ კარიერის უმნიშვნელოვანესი ბრძოლა ელოდება. მისი მეტოქე ამერიკელი რაიან ჰოლია, რომელიც UFC-ის ერთ-ერთი ყველაზე საშიში მებრძოლია. „ჰოლი ძალიან არაპროგნოზირებადი და სახიფათოა, მაგრამ ვერაფერს გააკეთებს ისეთს, რითიც გამაოცებს. ჯიუ-ჯიცუში შავ ქამარს ვფლობ და კიდევ 3 შავი ქამარი მაქვს. 15 წლიდან ტატამზე ვარ, ყოველდღე ვჭიდაობ და მისი სტილი არ მაშინებს“, - გვეუბნება თოფურია.

ილიას საკუთარი თავის მაქსიმალურად სჯერა და მისი თვითრწმენა ფორმაში ყოფნასთან ერთად იზრდება. „UFC-ში პირველ ბრძოლას ჩხუბამდე 8 დღით ადრე დავთანხმდი და კორონავირუსის დამარცხების შემდეგ, ბოლომდე მომჯობინებული არ ვიყავი. მეორე ბრძოლამდე 3 კვირით ადრე, მარჯვენა ფეხში ბარძაყის მყესი გავიწყვიტე და ბრძოლაზე უარის თქმასთან ახლოს ვიყავი. ვერ ვიტყვი, რომ საუკეთესო ფორმაში ვიმყოფები, მაგრამ შესანიშნავი პერიოდი მაქვს“, - აცხადებს ილია.

მატადორი შაბათს გასამართ ბრძოლაზეა ორიენტირებული, მაგრამ დასაწყისიდანვე ჰქონდა მიზანი, რომლის მიღწევაც სურს: „წლის ბოლოსკენ ჩემს თავს ტოპ 10-ში ვხედავ, ხოლო გაისად ჩემპიონი გავხდები. თუ შაბათს გავიმარჯვებ, ჩემი მომდევნო ბრძოლა ბევრად მნიშვნელოვანი იქნება“. მატადორს მომდევნო მსხვერპლი უკვე მიზანში ჰყავს ამოღებული“, - წერს AS.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ UFC-ში 2-ჯერ იჩხუბა და ჯერ იუსეფ ზალალს მსაჯების გადაწყვეტილებით, ხოლო შემდეგ დეიმონ ჯექსონს ნოკაუტით სძლია. ქართველი მებრძოლი ჯერჯერობით დაუმარცხებელია და მის ანგარიშზე 10 გამარჯვებაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები