რუსეთის დროშით უკრაინის მატჩზე - ქომაგისთვის ყველაფერი ცუდად დასრულდა
Aa
Aa

რუსეთის დროშით უკრაინის მატჩზე - ქომაგისთვის ყველაფერი ცუდად დასრულდა

ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალურ შეხვედრაში უკრაინის ნაკრები შვედეთს დაუპირისპირდა და მეტოქე დამატებით დროში დაამარცხა. მატჩისას ყურადღება მიიქცია „ჰემპდენ პარკის“ ტრიბუნებზე მყოფმა ერთ-ერთმა გულშემატკივარმა, რომელსაც სხვებისგან „გამორჩეულად“ ეცვა.

ქომაგი რუსეთის ნაკრების მაისურში იყო გამოწყობილი, რუსეთის დროშა ჰქონდა შემოხვეული და ეხურა ქუდი, რომელზეც წითელი არმიის სიმბოლო გახლდათ დატანილი. თავდაპირველად, იგი უკრაინელ ქომაგებთან ერთად იმყოფებოდა, თუმცა შემდეგ ტრიბუნებზე შელაპარაკება მოხდა და მისთვის ყველაფერი ცუდად დასრულდა.

უკრაინელი გულშემატკივრები მას თავს დაეხსნენ და მოგვიანებით, სოციალურ ქსელებში იმავე ქომაგის მეორე ფოტო გავრცელდა, რომელზეც ყველაფერი კარგადაა ასახული. იგი რუსეთის დროშის გარეშეა დარჩენილი, მაისური შემოხეული აქვს და მისი ქუდიც აღარსად ჩანს.

რუსეთში უკრაინელი გულშემატკივრების ქმედებებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და განცხადებები პოლიტიკოსებმაც გააკეთეს. რუსეთის დუმის დეპუტატი, ვიტალი მილონოვი უკრაინელი ქომაგების დასჯას ითხოვს: „ადამიანი მატჩის სანახავად მივიდა და გულშემატკივრებს ასეთი რეაქცია ჰქონდათ. ეს ნამდვილი ღორობაა. ვფიქრობ, ევროპის ჩემპიონატის ორგანიზატორებმა ისინი დისკვალიფიკაციით უნდა დასაჯონ და ტურნირის მომდევნო შეხვედრებზე დასწრება აუკრძალონ. ისინი ნაძირლები არიან. ჩამოვიდნენ მოსკოვში ან სანქტ-პეტერბურგში და ნახონ ჩვენთან უკრაინის ნაკრებს მხარს როგორ უჭერენ. არ შეიძლება, უცხო ადამიანი ასეთ მდგომარეობაში ჩააგდო. დამნაშავეები უნდა ვიპოვოთ და დავსაჯოთ“.

სხვათა შორის, რუსეთის დუმის კიდევ ერთი დეპუტატი, ნიკოლაი ვალუევი მილონოვის პოზიციას არ იზიარებს და აცხადებს, რომ ქომაგმა მშვენივრად იცოდა, სად მიდიოდა და რას აკეთებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები