„ხაბიბსა და უსმანსაც იგივე პრობლემები ჰქონდათ
Aa
Aa

„ხაბიბსა და უსმანსაც იგივე პრობლემები ჰქონდათ" - ჭიკაძე ამბობს, რომ ტოპ 10-დან ყველა გაურბის

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, გიგა ჭიკაძემ MMA Fighting-ს ინტერვიუ მისცა და საკუთარ დივიზიონში შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა. „ნინძა“ იმედგაცრუებულია ტოპ 10-ის წევრები მასთან ჩხუბზე უარს რომ ამბობენ და იმედი აქვს, იაირ როდრიგესი მასთან ბრძოლას დათანხმდება.

„UFC-მ დამირეკა და მაქსის შეცვლა შემომთავაზა, რაზეც სიხარულით დავთანხმდი, თუმცა იაირ როდრიგესისგან ჯერჯერობით არაფერი მსმენია. არ მესმის, როგორ შეიძლება ის მე-3 ნომრად დარჩეს, თუ ჩემთან ბრძოლაზე უარს იტყვის. მას დიდი ხანია არ უჩხუბია, მე კიდევ 5-6 ბრძოლა გავმართე და ერთ-ერთი ყველაზე დაკავებული მებრძოლი ვიყავი. გამიხარდება როდრიგესი თუ დათანხმდება, მაგრამ ჯერჯერობით მისგან არაფერი მსმენია. იაირი ასე დიდი ხანია იქცევა და მარტო ჩემთან კი არა, სხვებთან მიმართებითაც იმავეს აკეთებდა.

ყველა ლაპარაკობს იმაზე, რომ ტოპ 15-ის მიღმა მყოფ მებრძოლებს ვეჩხუბები და კაბ სუონსონი ასაკში იყო, თუმცა როგორ დავამტკიცო, რომ ისინი ცდებიან, როცა ჩემთან ბრძოლას ტოპ 10-დან ყველა თავს არიდებს. ვის ვეჩხუბო? ფაქტობრივად ყველა გამოვიწვიე: კატარი, ბარბოსა, ზომბი, იაირი, მაქსი. მაგრამ თანხმობა არავინ განაცხადა.

მე და კამარუ უსმანს ერთი და იგივე მენეჯერი გვყავს. ცოტა ხნის წინ ალის ვესაუბრებოდი და ვუთხარი: „რა ხდება ჩემი წონითი დივიზიონის ტოპ 10 მშიშარასთან დაკავშირებით. რატომ არ მეჩხუბებიან“? ალიმ ხაბიბი და კამარუ ახსენა და წლების წინ, ნურმაგომედოვსა და უსმანსაც იგივე პრობლემები ჰქონდათ. UFC-ის 17 ივლისისთვის გამორჩეული ბრძოლა სჭირდება და იმედია, როდრიგესი ჩემ წინააღმდეგ ოქტაგონზე გასვლაზე თანხმობას განაცხადებს.

მზად ვარ, ტოპ 10-დან ნებისმიერს ვეჩხუბო და თითოეული მათგანი შესანიშნავი მებრძოლია. მათ განსაკუთრებული და სანახაობრივი სტილი აქვთ. თუ MORTAL KOMBAT-ს თამაშობთ და Sub-Zero-ს ირჩევთ Scorpion-ის წინააღმდეგ, ან Sub-Zero-ს ირჩევთ Liu Kang-თან, ნახავთ, რომ ჩემი და მათი დაპირისპირება სწორედ ამ ბრძოლების მსგავსი იქნება“.

ცნობისთვის, გიგა ჭიკაძემ UFC-ში ბოლო ბრძოლა კაბ სუონსონის წინააღმდეგ გამართა და მეტოქე ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. ბრძოლა 63 წამში დასრულდა და „ნინძამ“ UFC-ში ზედიზედ მე-6 გამარჯვება მოიპოვა. იაირ როდრიგესს რაც შეეხება, ამ უკანასკნელის ანგარიშზე 13 მოგება და 2 წაგებაა, UFC-ში კი იგი 9-დან მხოლოდ 1 ბრძოლაში დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები