მთავარი მწვრთნელის გარეშე - აფრიკული ტურნესთვის 20-წლამდე ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
Aa
Aa

მთავარი მწვრთნელის გარეშე - აფრიკული ტურნესთვის 20-წლამდე ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა ის მორაგბეები შეარჩია, რომლებიც 13 ივნისს გამთენიისას, სამხრეთ აფრიკაში 20-წლამდელთა საერთაშორისო სერიაზე სათამაშოდ გაემგზავრნენ.

აფრიკაში გამგზავრებამდე უმცროსი ბორჯღალოსნების 46-კაციანმა შემადგენლობამ „შევარდენზე“ 4-კვირიანი შეკრება გაიარა, რის შემდეგაც შემადგენლობა 30 მორაგბით დაკომპლექტდა. აღსანიშნავია, რომ მათგან ჩვიდმეტი 2003 წელს დაბადებული მოთამაშეა.

საქართველოს რაგბის კავშირის ინფორმაციით, გუნდის მთავარი მწვრთნელი, ილია მაისურაძე უმცროს ბორჯღალოსნებს სამხრეთ აფრიკაში ვერ მიყვება, რადგან ის პარალელურად ბორჯღალოსნების შერკინების მწვრთნელია და აფრიკულ ტურნეზე მათთან ერთად გაემგზავრება. მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ლადო კილასონია შეასრულებს, რომელიც განვლილი შეკრებით კმაყოფილია:

„ილია მაისურაძე ამ 4 კვირის განმავლობაში ჩვენთან ერთად იყო, თუმცა სამწუხაროდ, ტურნირზე ვერ მოდის და მოგვიანებით შემოგვიერთდება. ის ძალიან დაგვაკლდება, თუმცა მნიშვნელოვნად წაადგება ჩვენს ეროვნულ გუნდს. მთელი ამ ხნის განმავლობაში შერკინებაზე ილიასთან ერთად თორნიკე ბუბუტეიშვილი მუშაობდა და სამხრეთ აფრიკაშიც ის მოდის.

რაც შეეხება შეკრებას, ყველას დიდი მადლობა! იმ ბიჭებმა, ვინც ამ ეტაპზე შემადგენლობაში ვერ მოხვდნენ, მაქსიმალური მონდომებით გაზარდეს კონკურენცია და საკმაოდ ნაყოფიერი პერიოდი გავიარეთ. კმაყოფილი ვარ ყველათი, რადგან ყველა ბოლომდე დაიხარჯა. ჩვენი მიდგომაა, რომ როდესაც მოთამაშეები ერთ დონეზე არიან, აქცენტი ერთი წლით უმცროსებზე გავაკეთოთ, რადგან მათ კიდევ ერთი 20-წლამდელთა ჩემპიონატი ელით და გამოცდილებას იღებენ. ყველანი ძალიან მონდომებულები არიან და მოუთმენლად ველით ტურნირის დაწყებას. მწვრთნელებს გვაინტერესებს ვნახოთ, პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ სად არის საერთაშორისო რაგბი და სად ვართ ჩვენ, გაიზარდა თუ არა სხვაობა დონეებს შორის, ეს ტურნირი ამის დასანახად საუკეთესო საშუალებაა. გარდა ამისა, ამ ბიჭებისთვის ეს პირველი საერთაშორისო გამოცდილებაა და გვაინტერესებს როგორ გაართმევენ თავს წნეხს“.

„ვარჯიშებზე ხელოვნურად ვცდილობდით ტემპის აწევას, მაგრამ მაინც ერთმანეთთან გვიწევდა თამაში, საერთაშორისო მატჩებში კი მაინც სხვა ტემპი და წნეხია. ენთუზიაზმი და მონდომება არავის აკლია და ეს ტურნირი თავის წარმოსაჩენად საუკეთესო საშუალებაა. არგენტინა ტრადიციულად მაღალ ტემპში თამაშობს, შესაძლოა, ყველაზე მაღალ ტემპშიც კი. სამხრეთ აფრიკა ფიზიკურობით გამოირჩევა და სათამაშო სტილს არასდროს ცვლის, ურუგვაი კი ბრძოლისუნარიანი გუნდია და არასდროს ნებდება. ვფიქრობთ, რომ ტურნირზე სამი განსხვავებული სტილის თამაში გველოდება, დანარჩენი კი მოედანზე გამოჩნდება“.

საერთაშორისო ტურნირი 18 ივნისს დაიწყება და 3 ივლისს დასრულდება. უმცროსი ბორჯღალოსნები 18 ივნისს არგენტინას ეთამაშებიან, 23-ში ურუგვაის, 28-ში კი მასპინძელ სამხრეთ აფრიკას. მეოთხე შეხვედრა 3 ივლისს გველის და მეტოქე წინა სამი თამაშის შედეგების მიხედვით გაირკვევა. ჯგუფში პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები ფინალში შეხვდებიან, მესამეადგილოსანი კი მეოთხეს ეთამაშება.

მომზადებულია რაგბის კავშირის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები