პსჟ, თუ მანჩესტერი? სად წავა რონალდუ - იუვე ტრანსფერს განიხილავს
Aa
Aa

პსჟ, თუ მანჩესტერი? სად წავა რონალდუ - იუვე ტრანსფერს განიხილავს

კრიშტიანუ რონალდუ „იუვენტუსის“ დატოვებასთან სულ უფრო ახლოსაა. Football Italia-ს ცნობით, პორტუგალიელს ამ მომენტისთვის 2 რეალური ვარიანტი აქვს - „მანჩესტერ იუნაიტედი“ და პსჟ.

წყაროს ცნობით, პსჟ ამ ეტაპზე დარწმუნებული არ არის, რომ მბაპე გუნდში დარჩება. კილიანს კონტრაქტი 2022 წელს უსრულდება და ამჟამად ახალ ხელშეკრულებაზე კლუბთან შეთანხმებას ვერ ახერხებს. პარიზელები თავის დაზღვევის მიზნით ფრანგის შემცვლელზე პარალელურად მუშაობენ და რონალდუს გაფორმებას არ გამორიცხავენ.

იტალიური გამოცემა წერს, რომ პსჟ-მ შესაძლოა მოლაპარაკებებში მაურო იკარდი ჩართოს, რომლის შეძენის სურვილს ტურინელები დიდი ხანია გამოთქვამენ.

რაც შეეხება „იუნაიტედის“ ვარიანტს, „იუვენტუსი“ მზადაა რონალდუს სანაცვლოდ პოგბა მიიღოს და ტრანსფერზე თანხმობა განაცხადოს, თუმცა „მანკუნიანელთა“ რიგებში პორტუგალიელს ხელფასის საგრძნობლად შემცირება მოუწევს. ამჟამად კი უცნობია რამდენად დათანხმდება „რონი“ ასეთ პირობებს.

გარდა ამისა, „წითელმა ეშმაკებმა“ შესაძლოა პირდაპირ გაცვლაზე უარი თქვან და პოგბას სანაცვლოდ რონალდუს პლუს თანხაც მოითხოვონ. კრიშტიანუს ასაკიდან გამომდინარე ნაკლებად სავარაუდოა, რომ „მანჩესტერმა“ 28 წლის პოგბა მასში პირდაპირ გაცვალოს.

რონალდუ ტურინში თავს ბედნიერად არ გრძნობს. მასიმილიანო ალეგრის „იუვენტუსში“ დაბრუნებამ შეიძლება სერიოზული გავლენა იქონიოს კლუბში ფეხბურთელის მომავალზე, წერს Football Italia La Gazzetta dello Sport- ზე დაყრდნობით.

ბოლოს კი გეტყვით, რომ კრიშტიანუ პირლოს პოსტიდან დათხოვნას გამოეხმაურა და იტალიელი თბილი სიტყვებით გააცილა: „მადლობა, მაესტრო. პატივი იყო შენი ხელმძღვანელობით მუშაობა“, - წერს რონალდუ სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები