Aa
Aa

"მსაჯმა პარედესს F***ck off უთხრა" - მთავარი ამბები და გამოხმაურებები

„მანჩესტერ სიტიმ“ პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩიც მოუგო და ამ ტურნირის ფინალში ისტორიაში პირველად ითამაშებს. „ქალაქელებმა“ მეტოქეს ზუსტად კარში დარტყმის საშუალებაც არ მისცეს.

იმის მიუხედავად, რომ რიად მაჰრეზმა დუბლი შეასრულა, უეფა-მ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად რუბენ დიაში დაასახელა: „მან გასაოცარი ლიდერობა და ორგანიზებულობა აჩვენა. ძალიან სუფთა შეხვედრა ჩაატარა, არაერთი მნიშვნელოვანი ბრძოლა მოიგო, დარტყმები დაბლოკა და პასები ჩაჭრა“, - ასე შეაფასა დიაშის თამაში ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა და უეფა-ს ტექნიკურმა დამკვირვებელმა, გარეტ საუტგეიტმა.

„სიტიმ“ ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ უკვე მეშვიდე მატჩი მოიგო, რაც ინგლისურ კლუბებს შორის სარეკორდო მაჩვენებელია. ზოგადად, პეპ გუარდიოლას ბიჭებმა მიმდინარე გათამაშებაზე ჩატარებული 12 შეხვედრიდან 11 მოიგეს და 1 ფრედ დაასრულეს.

„ამ ყველაფრის ვამაყობ. ორი მატჩის ჯამში 4:1 გამარჯვება გუნდთან, რომელმაც „ბარსელონა“ და „ბაიერნი“ დაამარცხა, ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ერთობლივად ვიბრძოლეთ და ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვართ - რა შესანიშნავი სიტყვებია!

ხალხს ჰგონია, რომ ამ ტურნირის ფინალში გასვლა ადვილია. ეს შედეგი ნიშნავს, რომ ბოლო 4-5 წლის განმავლობაში რაღაც გავაკეთეთ. ეს ბიჭები ყოველდღიურად და გეგმაზომიერად ვითარდებოდნენ, რაც დასაფასებელია“, - აღნიშნა მატჩის შემდეგ პეპ გუარდიოლამ.

შეხვედრის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი მომენტი ანხელ დი მარიას გაძევების ეპიზოდია. მასთან დაკავშირებით, უმრავლესობა თანხმდება, რომ დი მარია სამართლიანად დაისაჯა, არსენ ვენგერს კი ოდნავ განსხვავებული პოზიცია აქვს

„არ მომეწონა, როგორც ფერნანდინიო მოიქცა, რადგან პროვოკაცია მოაწყო. თუკი ასეთ ეპიზოდში დი მარიას აძევებ, მაშინ ფერნანდინიოც უნდა გააძევო. თანაც, ამ ეპიზოდამდე ბრაზილიელს ყვითელი ბარათი უკვე უნდა ჰქონოდა, ამ პროვოკაციისთვის კი მეორე გაფრთხილებას იმსახურებდა“.

საინტერესო კომენტარი გააკეთა პსჟ-ს ნახევარმცველმა, მარკო ვერატიმ. მისი თქმით, მთავარმა არბიტრმა, ბიორნ კუიპერსმა ლეანდრო პარედესს ერთ-ერთ მომენტში უწმაწურად მიმართა.

„როგორც ანდერ ერერამ გითხრათ, მსაჯმა პარედესს „წადი შენი“ უთხრა. კუიპერსმა მსგავსი ფრაზა ჩემ მიმართაც რამდენჯერმე გამოიყენა. ორი აზრი არაა, რომ არბიტრთან ბევრს ვსაუბრობდი, მაგრამ მისთვის „წადი შენი“ და უწმაწური არაფერი მითქვამს. ეს რომ გამეკეთებინა, ალბათ, 10-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დამსჯიდნენ“.

მატჩი შეაფასა ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ, რომელმაც ნეიმარის სუსტ თამაშს გაუსვა ხაზი და ბრაზილიელი გააკრიტიკა.

„მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელები მთელი სეზონია ერთმანეთს ეხმარებიან და ვხედავთ, რომ ეს შესანიშნავი გუნდია. ფერნანდინიომ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა, ის ყველას აჩერებდა. ეს გუარდიოლასგან დიდებული სვლა იყო.

რაც შეეხება ნეიმარს, იმედი მქონდა, რამეს გააკეთებდა და მოედანზე მნიშვნელოვანი ფიგურა იქნებოდა. თუმცა, საბოლოოდ, მივიღეთ ის, რომ ძალიან ბევრი უსარგებლო დრიბლინგი შეასრულა და ლიდერს არაფრით ჰგავდა. ლიდერს გუნდი შედეგისკენ მიჰყავს, მან კი მატჩი ლაპარაკში გაატარა“.

„მანჩესტერ სიტი“ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში - 42-ე, ინგლისიდან კი მე-9 გუნდია, რომელიც ფინალში ითამაშებს. „ქალაქელები“ გადამწყვეტ მატჩში „ჩელსის“ ან „რეალს“ დაუპირისპირდებიან.

ჩემპიონთა ლიგის 2020-21 წლების სეზონის ფინალური შეხვედრა სტამბულში, „ათათურქის ოლიმპიურ სტადიონზე“, 29 მაისს ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები