„მბაპეს არყოფნას გამამართლებელ მიზეზად ვერ გამოვიყენებთ
Aa
Aa

„მბაპეს არყოფნას გამამართლებელ მიზეზად ვერ გამოვიყენებთ" - რა თქვა პოჩეტინომ მატჩის შემდეგ

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ „სიტისთან“ განცდილი მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა და საკუთარი გუნდის მიერ ნაჩვენები თამაში შეაფასა.

„ისე ვითამაშეთ, როგორც დაგეგმილი გვქონდა. შეხვედრა ძალიან კარგად დავიწყეთ, მომენტებს ვქმნიდით და მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ ვდომინირებდით. ეს მარტივი არაა. ბევრ გუნდს არ შეუძლია, მანჩესტერ სიტისთან დომინანტი იყოს.

ზოგჯერ ფეხბურთში მატჩის კონკრეტულ ეპიზოდში რაღაც დოზით იღბალია საჭირო და საბოლოოდ, სიტი უფრო ეფექტური აღმოჩნდა. მათ პირველი გოლი გრძელი პასის შემდეგ გაიტანეს და ეს მაშინ მოხდა, როცა მაღალ პრესინგს ვთამაშობდით.

მანჩესტერ სიტის უნდა მივულოცო, რადგან ქალაქელები ფანტასტიკურ სეზონს ატარებენ. 6 თუ 7 სეზონის შემდეგ, პეპ გუარდიოლა წარმატებას აღწევს. ამავდროულად, აუცილებელია ვთქვათ, რომ ჩვენი ფეხბურთელებითა და ჩვენი გუნდით ვამაყობთ.

კილიან მბაპეს რაც შეეხება, მის არყოფნას გამამართლებელ მიზეზად ვერ გამოვიყენებთ. რა თქმა უნდა, უიღბლობაა, მბაპე პსჟ-ს დასახმარებლად მზად რომ არ იყო, თუმცა ჩვენ გუნდი ვართ და მის არყოფნას თავის გასამართლებლად ვერ გამოვიყენებთ, რადგან კარგად ვითამაშეთ“.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ 2 მატჩის ჯამში 1-4 დამარცხდა. პარიზელებს მეორე შეხვედრაში სახიფათო მომენტების შექმნა უჭირდათ და საპასუხო დაპირისპირებაში ზუსტი დარტყმა არ განუხორციელებიათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები