Aa
Aa

"თითქოს მეგობრებთან თამაშობდა" - დი კანიომ ვერნერი გააკრიტიკა

მადრიდის „რეალისა“ და ლონდონის „ჩელსის“ პირველი ნახევარფინალური მატჩი ფრედ - 1:1 დასრულდა. ინგლისელთა ფორვარდმა ტიმო ვერნერმა მორიგი უსახური თამაში ჩაატარა და სპეციალისტთა მიერ ისევ კრიტიკის ობიექტი გახდა. ერთ-ერთი, ვინც ვერნერის ასპარეზობა ნახევრად ირონიულად შეაფასა ლეგენდარული იტალიელი თავდამსხმელი - პაოლო დი კანიოა.

„იმ საგოლე მომენტისას, მან ისე ითამაშა, როგორც მაღალი დონის ფეხბურთელი არ უნდა თამაშობდეს. ეპიზოდს არასათანადო დამოკიდებულებით მიუდგა. საერთოდ, ისე ჩანდა, თითქოს საკუთარ მეგობრებთან ერთად თამაშობდა და არა - ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში.

ისიც ნათელია, რომ ხანდახან მას თანაგუნდელები უკეთესად უნდა ემსახურებოდნენ, თუმცა, მეორე მხრივ, გუშინდელ მატჩში მისი პოზიციონირება არ იყო კარგი და ხშირად სწორ ადგილს ვერ არჩევდა. ვერნერი ძალიან სწრაფია და ამასთან ერთად, ძალიან თავშეუკავებელი და სულსწრაფია“.

მომენტი, რომელზეც დი კანიო საუბრობდა, შეხვედრის მე-10 წუთზე შეიქმნა და კრისტიან პულიშიჩის გამოზომილი პასის შემდეგ, გერმანელმა უმარტივესი ვითარებიდან ვერ გაიტანა. ვერნერის ამ აცილებაზე ინტერნეტსივრცეში ხუმრობენ და უამრავი მიმი თუ სახალისო ვიდეო შეიქმნა.

აღნიშნული ეპიზოდის შესახებ „ჩელსის“ თავკაცმა, ტომას ტუხელმაც ისაუბრა. გერმანელის თქმით, ამ გაფუჭებულ მომენტზე მთელი გუნდი გაბრაზებული უნდა იყოს.

„მან „ვესტ ჰემთან“ მატჩისას ბრწყინვალე შანსი ვერ გამოიყენა, დღეს კი კიდევ ერთი ასეთი ფაქტი მოხდა. ეს ლაპარაკი არაფერს შველის, მაგრამ არც ტირილი და სინანული მოგვცემს შედეგს.

დღეს, ჩვენი გუნდი და თავად ტიმოც, ამ მომენტზე გაბრაზებულია, რაც ნორმალურია. მას ხვალ თავისუფალი დღე აქვს და ძალები უნდა აღიდგინოს. ტიმო პროფესიონალია, ძალიან კარგი ადამიანია და ბევრს შრომობს. თავდამსხმელმა რწმენა არც ერთ ვითარებაში არ უნდა დაკარგოს, ხვალ-ზეგ გოლს გაიტანს და ეს ეპიზოდი უკვე აღარავის ემახსოვრება“.

ვერნერი „ჩელსიში“ პირველ სეზონს ატარებს. მას წლევანდელ გათამაშებაში, ყველა ტურნირის ეგიდით, 45 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული და მეტოქეთა კარში 10 გოლი შეაგდო.

„ჩელსი“ და „რეალი“ ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრას 5 მაისს, უკვე „სტემფორდ ბრიჯზე“ გამართავენ.

ცხელი ამბები