Aa
Aa

გაყალბებული ასაკი და წარმომავლობა - გაბონელ ფეხბურთელს დისკვალიფიკაცია ემუქრება

აფრიკელ ფეხბურთელთა მხრიდან ასაკის გადაკეთებაზე ვარაუდები ხშირად ისმის და რამდენიმე მოთამაშე, რომლებსაც ეს დაუმტკიცდათ, დაისაჯნენ კიდეც. ამჯერად ანალოგიური საშიშროება გაბონელ ნახევარმცველ გუელორ კანგას ემუქრება.

კონგოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ გაასაჯაროვა დოკუმენტი, რომელზეც მითითებულია, რომ კანგა მათი ქვეყნის დედაქალაქ კინშასაშია დაბადებული, სხვა სახელი და გვარი აქვს და რაც მთავარია, ამჟამად ცნობილ ოფიციალურ ასაკზე 5 წლით უფროსია. კონგოელთა თქმით, კანგას დაბადების წელი 1985-ია და არა - 1990.

ამჟამინდელი საბუთებით, კანგას დაბადების წლად 1990-ია მითითებული, დაბადების ადგილი კი გაბონის ქალაქი ოიემი გახლავთ. თუკი ფეხბურთელს ბრალდება დაუმტკიცდა, მას და მის ნაკრებს აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციისგან დისკვალიფიკაცია ელით.

გუელორ კანგა გაბონის ნაკრებში 2012 წლიდან თამაშობს, საკლუბო კარიერის განმავლობაში კი, სხვა გუნდებთან ერთად, რუსულ „როსტოვში“, სერბულ „ცრვენა ზვეზდასა“ და ჩეხურ „სპარტაში“ უასპარეზია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები