კანტონა:
Aa
Aa

კანტონა: "ვნანობ, რომ უფრო ძლიერად არ ჩავარტყი"

ლეგენდარულმა ერიკ კანტონამ 26 წლის წინანდელი ინციდენტი გაიხსენა, როდესაც მან „კრისტალ პალასის“ გულშემატკივარს სახეში ფეხი ჩაარტყა.

ფეხბურთის ისტორიაში კანტონა ერთ-ერთი ყველაზე ექსტრავაგანტული ფიგურა იყო. მისი თამაშის სტილი და მოედანზე მიღებული გადაწყვეტილებები ნამდვილი ხელოვნების შედევრი გახლდათ.

კანტონა თავისი განსხვავებული ხედვით კარიერის დასრულების შემდეგაც გამოირჩევა, თუმცა ქომაგებს ყველაზე მეტად მის მიერ ყველაზე დასამახსოვრებელი ქმედების შესახებ დაფიქსირებული პოზიცია აინტერესებთ.

1995 წლის 25 იანვარს, ერიკ კანტონამ ისეთი რამ გააკეთა, რაც იქამდე ფეხბურთის გულშემატკივრებს არასდროს ენახათ. როდესაც ფრანგი მეორე ტაიმის დასაწყისში გააძევეს და მოედნის დასატოვებლად მიდიოდა, ახალგაზრდა ქომაგმა ისტერიული ხმით შესძახა: „საფრანგეთში დედაშნთან დაბრუნდი, ნაბიჭვარო!“ ამ მომენტმა ისედაც ნერვებმოშლილი კანტონას მოთმინების ფიალა აავსო, შემდეგ რაც მოხდა ყველამ ვიცით...


კანტონას თქმით, ის ნანობს, რომ მას უფრო ძლიერად არ ჩაარტყა.

„ჩემთვის შეურაცხყოფა ათასჯერ მაინც მოუყენებიათ და რეაგირება არასდროს მომიხდენია, თუმცა შენ ხანდახან მყიფე ხარ.

ერთ რამეს ვნანობ. ვისურვებდი, რომ მისთვის უფრო ძლიერად ჩამერტყა. მათ მე თამაში 9 თვით ამიკრძალეს. სურდათ, რომ სამაგალითოდ დავსჯილიყავი.

გულშემატკივრის დარტყმის მომენტი, ეს არის დრამა, რომელშიც თავს მსახიობად ვგრძობ. არასოდეს მინდოდა სხვაზე მაგარი გამოვჩენილიყავი. მინდოდა მხოლოდ ისე მოვქცეულიყავი, როგორც მინდოდა.

თუ მინდა ფანს დავარტყა, ამას ვაკეთებ. სულ ეს არის. რაც უფრო დიდ ხანს ცოცხლობ, მით უკეთ გესმის, რომ ცხოვრება ცირკია, ფეხბურთი კი ხელოვნება.

ჩემი კარიერიდან ბევრი კარგი მომენტის გახსენება შემიძლია, თუმცა ჩემი ფავორიტი არის, როდესაც იმ ხულიგანს (ქომაგს) ჩავარტყი“.

360° | ერიკ კანტონას კუნგ ფუ დარტყმა

კანტონას კონტრაქტის მიხედვით „იუნაიტედში“ კიდევ ორი ​​სეზონი უნდა ეთამაშა, მაგრამ ფრანგმა 1995 წლის ზაფხულში კლუბი თითქმის დატოვა.

კანტონას ფეხბურთის თამაში აკრძალული ჰქონდა, თუმცა მან მონაწილეობა დახურულ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო, რაც მალევე გამჟღავნდა. საბოლოოდ, სერ ალექს ფერგიუსონმა მისი დაყოლიება შეძლო.

„ეს უბრალოდ ამხანაგური მატჩი იყო, თუმცა ჟურნალისტი ფოტოაპარატით შეიარაღებული ხის წვერზე იყო ასული და იქედან გვიღებდა. სამწუხაროდ ის იქედან არ ჩამოვარდნილა.

მეორე დღეს ეს ფოტოები გაზეთებში გამოქვეყნდა და FA-ს ჩემი უფრო მეტად დასჯა სურდა.

ფერგიუსონმა სწორი სიტყვები იპოვა, როგორც ყოველთვის. მე ის მიყვარდა და პატივს ვცემდი მას როგორც მამას. როდესაც მწვრთნელი საკუთარი ფეხბურთელისთვის რაღაც მსგავსს აკეთებს, ასეთ დროს ფეხბურთელი მწვრთნელს, კლუბსა და გულშემატკივრებს მთელს თავის ცხოვრებას აძლევს.

ყველანი მხარს მიჭერდნენ და ჩემს უკან იდგნენ. ზოგიერთ კლუბს შესაძლოა გავეგდე, მაგრამ „იუნაიტედმა“ ახალი კონტრაქტი შემომთავაზა. ეს სხვაობაა „მანჩესტერსა“ და სხვა გუნდებს შორის“.

საბოლოოდ, კანტონა 1997 წელს „იუნაიტედსა“ და ფეხბურთს საბოლოოდ დაშორდა. ის მხოლოდ 30 წლის იყო.

„მე მიყვარდა თამაში. მიყვარდა ის ცეცხლი, რომელიც ჩემში იყო. მიყვარდა ადრენალინი.

მე ვთამაშობდი, რადგან ბავშვობაში ეს ჩემი ოცნება იყო. როდესაც ეს ოცნება რუტინულად იქცა, თამაში არ მინდოდა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები