Aa
Aa

„იუვენტუსი მის ტრანსფერთან ერთ ნაბიჯშია" - იტალიური გამოცემები ხვიჩაზე წერენ

იტალიური გამოცემები ირწმუნებიან, რომ „რუბინის“ ქართველი ფეხბურთელისთვის, ხვიჩა კვარაცხელიასთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა და ეს ტურინის „იუვენტუსია“. „ბიანკონერი“ ზაფხულში შემადგენლობის გაძლიერებას აპირებს და მისი ერთ-ერთი სამიზნე ყაზანელთა 20 წლის შემტევი გახლავთ.

„ჩვენ გავიგეთ, რომ იუვენტუსს 2001 წელს დაბადებული ნახევარმცველისთვის, ხვიჩა კვარაცხელიასთვის ბრძოლაში აშკარა უპირატესობა აქვს. ბიანკონერი კვარაცხელიას სანაცვლოდ რუსულ კლუბს 20 მილიონ ევროს გადაუხდის. ჩვენი აზრით, ხვიჩას რუსეთის პრემიერ ლიგის MVP-დ დაასახელებენ და იგი 2020 წლის საუკეთესო ქართველი მოთამაშე გახლავთ. ამასთან, იგი იუვენტუსის ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდება“, - Juventusnews24.

„რუბინის“ შემტევის სამომავლო გეგმებზე კიდევ ერთი იტალიური გამოცემა, ilgazzettino საუბრობს და იტყობინება, რომ „იუვენტუსი“ კვარაცხელიას გადაბირებასთან ერთ ნაბიჯშია. „მისი გვარის გამოთქმა თითქმის შეუძლებელია, მაგრამ იგი ნამდვილი ტალანტი გახლავთ და იუვენტუსმა ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის დასრულება სწორედ ამიტომ გადაწყვიტა. იგი ორივე ფეხით კარგად თამაშობს და როგორც გარემარბის, ისე ფლეიმეიქერის ფუნქციების შეთავსება შეუძლია. მისი დებიუტი 16 წლის ასაკში, თბილისის დინამოში შედგა და იგი შესაძლოა, პირველი ქართველი გახდეს, რომელიც იუვენტუსის რიგებში იასპარეზებს“.

შეგახსენებთ, რომ ახლახან, ხვიჩას მომავალზე კახა კალაძემ ილაპარაკა. „მილანის“ ექს-ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მას კვარაცხელიას თაობაზე „როსონერის“ ტექნიკური დირექტორი პაოლო მალდინი და „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზო დაუკავშირდნენ. „რუბინის“ თავკაცი, ლეონიდ სლუცკი კი 100 პროცენტით დარწმუნებულია, რომ 20 წლის ქართველი ტალანტი კარიერას ევროპის წამყვან კლუბში გააგრძელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები