პიკემ გამაყუჩებლები გაიკეთა და რეალთან თამაშს გეგმავს
Aa
Aa

პიკემ გამაყუჩებლები გაიკეთა და რეალთან თამაშს გეგმავს

დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე მადრიდში სეზონის მეორე „ელ კლასიკო“ შედგება - „რეალი“ „ბარსელონას“ უმასპინძლებს.

მატჩს ორივე გუნდი დანაკლისით ხვდება. მასპინძლებს რამოსი, ვარანი, კარვახალი და აზარი არ ეყოლებათ, სტუმრებს კი ფატი, კოუტინიო და ნეტუ.

პიკეს მდგომარეობა

ხერარდ პიკემ ბოლო 2 ვარჯიში გუნდთან ერთად ჩაატარა და შეხვედრის განაცხადშიც მოხვდა, თუმცა მედშტაბი დარწმუნებული არ არის, რომ ის მატჩისთვის სრულ მზადყოფნაშია.

ესპანური AS-ის ცნობით, პიკეს მატჩში მონაწილების უდიდესი სურვილი აქვს და საამისოდ გამაყუჩებლები გაიკეთა.

რამდენიმე დღის წინ, პიკეს თამაშის შანსები მიზერული იყო, თუმცა ესპანელმა აღდგენითი პროცესის სავარჯიშო სამუშაოები დააჩქარა, შემდეგ კი გამაყუჩებლებიც გაიკეთა, რაც რა თქმა უნდა დიდ რისკთან არის დაკავშირებული. შესაძლოა ტრავმა გამიზეზდეს და ამ ერთი მატჩის გამო ფეხბურთელს სეზონის დარჩენილი ნაწილის გამოტოვება მოუხდეს.

მიუხედავად დიდი რისკისა, ფაქტია რომ მედშტაბმა მას ამის უფლება მისცა და მათ რისკების შესახებ ყველაზე უკეთ მოეხსენებათ.

სატურნირო მდგომარეობა

„ბარსელონა“ „ატლეტიკოს“ 1 ქულით ჩამორჩება, „რეალი“ კი 3-ით. დღევანდელ შეხვედრაში ბუკმეიკერები უფრო მეტად ფრეს ვარაუდობენ, რომელიც საჩემპიონო შანსებს ორივე გუნდს შეუნარჩუნებს, თუმცა 1 ქულა ალბათ მაინც უფრო კატალონიელთა აქტივში ჩაიწერება, რადგან რონალდ კუმანის გუნდს „ატლეტიკო“ საკუთარ კედლებში ჰყავს მისაღები, მადრიდელებმა კი სიმეონეს ბიჭებთან უკვე ორივე შეხვედრა ჩაატარეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები