''25 ფეხბურთელი გონივრულად და პატიოსნად შევარჩიე'' - სანიოლის პირველი პრესკონფერენცია
Aa
Aa

''25 ფეხბურთელი გონივრულად და პატიოსნად შევარჩიე'' - სანიოლის პირველი პრესკონფერენცია

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში ფრანგმა სპეციალისტმა ვილი სანიოლმა პირველი პრესკონფერენცია ''შერატონში'' გამართა. მან არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

ვილი სანიოლი:''ეს განსაკუთრებული მომენტია, ჩვენი პირველი შეხვედრაა. დავიწყოთ საუბარი შემადგენლობასთან დაკავშირებით და შემდეგ ესპანეთთან თამაშზე ვისაუბროთ.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ფეხბურთელებს აქტიურად ვაკვირდებოდით. მესმის, რომ ფეხბურთელთა ნაწილი წარსულში ლიდერები იყვნენ, მაგრამ მათ ყოველ მატჩში უნდა დაამტკიცონ, რომ ნაკრებში თამაშს იმსახურებენ. ამიტომ რამდენიმე მათგანი ეროვნულ გუნდში ამ ეტაპზე ვერ მოხვდა, თუმცა მათთვის ნაკრების კარი ღიაა, მათთვის ნაკრების კარი არ დახურულა.

25 ფეხბურთელი გონივრულად და პატიოსნად შევარჩიე.

ჩვენ ვუყურებთ და ვაკვირდებით თითოეულ ფეხბურთელს. ნაკრებში გამოძახებულმა თითოეულმა მოთამაშემ საკლუბო მატჩებში შესაძლებლობები კარგად გამოავლინა.

მაკარიძესთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ მის კლუბს მნიშვნელოვანი თამაშები ელის, ფეხბურთელის კლუბში დარჩენასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჩვენ მივიღეთ''.

ვილი სანიოლმა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ფეხბურთელების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით მათ ეროვნულ ნაკრებში დამკვიდრების შანსი აქვთ.

''როცა სიას ვადგენდით, საქართველოს ჩემპიონატის ფეხბურთელების სათამაშო ფორმა გავითვალისწინეთ. მესმის, რომ ფეხბურთელთა ნაწილი უცხოეთში თამაშობს, მაგრამ მნიშვნელოვანი ფაქტორია თითოეული ფეხბურთელის კონდიციები მოახლოებული მატჩების წინ. ვგულისხმობ მამარდაშვილს, ჩაბრაძესა და ეროვნული ჩემპიონატიდან გამოძახებულ ფეხბურთელებს. მათ ნაკრებში მიწვევა დაიმსახურეს.

ახალგაზრდული ფეხბურთი საქართველოში კარგ დონეზეა. ამ ეტაპზე საქართველოს ნიჭიერი შემტევი ფეხბურთელები უფრო მეტად ჰყავს ვიდრე დაცვითი სტილის მოთამაშეები, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე კონკრეტული პოზიცია პრობლემატურია.

საქართველოში ჩამოსვლის მიზეზებზე ვრცლად ვისაუბრე. ბევრი ფაქტორი, ფინანსური თუ სპორტული გავითვალისწინე, მაგრამ მთავარი ფედერაციის წარმომადგენლებთან საუბარი და ნდობის ფაქტორი იყო.

ჩვენ გვქონდა გაფართოებული შემადგენლობა და გამოძახებული ფეხბურთელების გარდა არაერთ მოთამაშეს ვაკვირდებით. პროფესიონალი ფეხბურთელისთვის მოკლე პერიოდში მატჩების ხშირად ჩატარება პრობლემა არ უნდა იყოს''.

შეგახსენებთ, მიმდინარე თვეში საქართველოს ეროვნული ნაკრები 2022 წლის მუნდიალის შესარჩევ ციკლში სამ მატჩს გამართავს. ვილი სანიოლის დებიუტი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე 25 მარტს შვედეთთან შედგება. სკანდინავიაში გამართული შეხვედრის შემდეგ საქართველო ესპანეთს უმასპინძლებს (28 მარტი), რასაც საბერძნეთთან გასვლითი შეხვედრა მოჰყვება (31 მარტი). 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები