„ასე ვერ განვითარდებიან
Aa
Aa

„ასე ვერ განვითარდებიან" - იტალიის ნაკრების ექს-თავკაცი საქართველოს ექვს ერში მიღების მომხრეა

სამხრეთ აფრიკისა და იტალიის ნაკრებების ყოფილმა მწვრთნელმა, ნიკ მალეტმა „ექვსი ერის“ ფორმატის შესაძლო ცვლილებებზე ისაუბრა. მალეტმა ინტერვიუ ბრიტანულ Express-ს მისცა და განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნული გუნდი ამ ტურნირზე მონაწილეობის მიღებას იმსახურებს.

„საუბარი იმაზე კი არ უნდა მიდიოდეს, ექვსი ერიდან ვინ გავაგდოთ, არამედ იმაზე საქართველოს ან რუმინეთს ამ ტურნირზე თამაშის უფლება როგორ მივცეთ. მსოფლიო რაგბმა მიდგომა უნდა შეცვალოს. საქართველო რუმინეთთან, ესპანეთთან, გერმანიასთან და რუსეთთან თამაშით ვერ განვითარდება. ბორჯღალოსნები ყველა შეხვედრას მოიგებენ, მაგრამ ამით რა?!

გამორიცხულია განვითარდე, თუკი უმაღლესი დონის მოწინააღმდეგესთან წელიწადში ერთხელ ითამაშებ. წარმატების მისაღწევად ამ დონეზე რეგულარულად უნდა იასპარეზო. საქართველომ ექვს ერში მონაწილეობის უფლება უნდა მიიღოს.

იტალიისგან განსხვავებით, საქართველოში ჭიდაობა და რაგბი ნაციონალური სპორტია. წადით საქართველოში და ნახავთ, რომ ნაკრების მატჩებს 50 000 ადამიანი ესწრება. რუსეთთან დაპირისპირებისას კი ყველაფერი ომის ზონას ჰგავს. თუკი ქვეყნებს წინსვლის შანსს არ მივცემთ, რაგბი მთელ მსოფლიოში პოპულარული სახეობა ვერასდროს გახდება“.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, უელსის ნაკრების ექს-კაპიტანმა, სემ უორბარტონმა განაცხადა, რომ „ექვს ერში“ საპლეიოფო სისტემა უნდა ამოქმედდეს, რაც ამ ტურნირის მიღმა მყოფი ნაკრებებისთვის დიდ შესაძლებლობას გააჩენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები