სიურპრიზი გაუკეთეს - შერმადინს MVP-ის ჯილდო გადასცეს
Aa
Aa

სიურპრიზი გაუკეთეს - შერმადინს MVP-ის ჯილდო გადასცეს

გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ მადრიდში ჩაფრინდა, სადაც ესპანეთის თასის შეხვედრა უნდა გამართოს. ქართველი ცენტრის გუნდი ერთ-ერთ სასტუმროში დაბინავდა და თავის ოთახში შესვლისას „შერმინატორს“ განსაკუთრებული სიურპრიზი დახვდა.

გიომ, რომელიც ლიგა ენდესაში იანვრის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს, საწოლზე MVP-ის ჯილდო დაინახა. კამერებმა შერმადინის რეაქცია კარგად დააფიქსირეს, ხოლო მისი თანაგუნდელები „MVP", „MVP", „MVP"-სა და „ხაჭაპური", „ხაჭაპური", „ხაჭაპური"-ს სკანდირებდნენ.


„რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვარ. ოთახში შემოსვლა და MVP-ის ჯილდოს დანახვა გასაოცარი შეგრძნებაა. მადრიდში დღე ძალიან კარგად დაიწყო. ყველა მოვიდა, რადგან ჩემს კარზე წარწერა იყო გაკეთებული - „იანვრის MVP“ და უნდოდათ, ეს ჯილდო ენახათ.

როცა ჩემი ოჯახის წევრები ამ ვიდეოს იხილავენ, ძალიან ბედნიერი იქნებიან. ჩემმა შვილებმაც იციან იანვრის საუკეთესო კალათბურთელი რომ გავხდი და ამბობენ: „მამიკო MVP-ია, მამიკო MVP-ია“.

რა თქმა უნდა, ტენერიფეს ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. როცა საკუთარ კედლებში ვთამაშობთ, დარბაზი ყოველთვის სავსეა. ქომაგებს მოვიკითხავ და იმედია, მალე შევხვდებით“, - განაცხადა შერმადინმა.

ცნობისთვის იანვარში გიო საშუალოდ 20.6 ქულას, 5.6 მოხსნას, 3.5 ასისტს, 1.5 ჩაჭრასა და 0.8 დაფარებას აგროვებდა. როგორც მოგეხსენებათ, ქართველმა ცენტრმა თვის MVP-ის სტატუსი ოქტომბერშიც დაისაკუთრა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები