Aa
Aa

10 კანდიდატს შორის - მამუკელაშვილს კარლ მელოუნის სახელობის ჯილდოს მოგების შანსი აქვს

„სეტონ ჰოლის“ ქართველი კალათბურთელი, სანდრო მამუკელაშვილი 2021 წლის კარლ მელოუნის სახელობის ჯილდოს მოგების 10 კანდიდატს შორის დაასახელეს. „მამუ“ კონკურენციას აამირ სიმსს, მეთიუ ჰერტს, დრიუ ტიმს, ტრეის ჯექსონ-დევისს, ტრენდონ უოტფორდს, ტრე მიჩელს, ოსკარ და სილვას, გრეგ ბრაუნსა და იერემია რობინსონ-ეარლს გაუწევს.

კარლ მელოუნის სახელობის ჯილდო სეზონის საუკეთესო მძიმე ფორვარდს გადაეცემა და სანდრო შესაძლოა, პირველი ევროპელი კალათბურთელი გახდეს, რომელსაც ამ სტატუსის დასაკუთრების პატივი ერგება. აღსანიშნავია ისიც, რომ Big East-ის კონფერენციის წარმომადგენელს ეს ჯილდო არასდროს მოუგია.

კოლეჯთა ლიგის საუკეთესო მძიმე ფორვარდის ვინაობა 2021 წლის 9 აპრილს გაირკვევა. თებერვალში ზემოთ ხსენებული სიიდან 5 ფინალისტს დაასახელებენ და მათ სიას ლეგენდარულ კარლ მელოუნსა და დიდების დარბაზის კომიტეტს წარუდგენენ, რომლებიც საუკეთესოს გამოავლენენ.

შეგახსენებთ, რომ მამუკელაშვილი მიმდინარე სეზონს შესანიშნავად ატარებს და საშუალოდ 17.9 ქულას, 6.9 მოხსნას, 3.3 შედეგიან გადაცემას, 1.1 ჩაჭრასა და 0.6 დაფარებას აგროვებს. „მამუს“ „სეტონ ჰოლს“ 9 მოგება და 7 მარცხი აქვს და მომდევნო შეხვედრა Big East-ის კონფერენციის ლიდერთან, „ვილანოვასთან“ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები