უცნაური შემთხვევა ჯირო დ’იტალიაზე - ვერტმფრენმა ავარია გამოიწვია
Aa
Aa

უცნაური შემთხვევა ჯირო დ’იტალიაზე - ვერტმფრენმა ავარია გამოიწვია

იტალიელი ველომრბოლელი, ლუკა ვაკერმანი ჯირო დ’იტალიას გამოეთიშა, რისი მიზეზიც ტურნირის მეოთხე ეტაპზე მომხდარი ავარია გახლავთ. 28 წლის სპორტსმენი ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება და ტვინის შერყევა, თავის ქალის სხვადასხვა დაზიანებები და მარჯვენა მუხლის ტრავმა აღენიშნება. არის ვარაუდი, რომ მან ხერხემალი და კიდურებიც დაიზიანა.

უცნაურია, მაგრამ ავარია სატელევიზიო ვერტმფრენმა გამოიწვია, რომელიც დაბალ სიმაღლეზე დაფრინავდა. შედეგად მისგან წამოსულმა ჰაერის ნაკადმა ერთ-ერთი დამცავი ბარიერი დაძრა და ის ვაკერმანსა და კიდევ ერთ ველომრბოლელს, ეტიენ ვან ემპელს შეეჯახა.

ვაკერმანის გუნდმა რამდენიმე საათის წინ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და აღნიშნა: „ლუკა საღამოს საავადმყოფოში გაატარებს და მას აქტიურად დააკვირდებიან. სამწუხაროდ, მან ოცნების მიღწევის შანსი დაკარგა ინციდენტის გამო, რომელსაც შესაძლოა, უფრო მძიმე შედეგები მოჰყოლოდა“.

ავარიის შემდეგ, გულშემატკივრებს ვან ემპელმაც მიმართა. ნიდერლანდელმა ველომრბოლელმა განაცხადა, რომ თავს კარგად გრძნობს და ლუკას მხარდაჭერა გამოუცხადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები