''კანკავა მოედნის ცენტრში საუკეთესო იყო'' - ქართველი საყრდენის აღიარება
Aa
Aa

''კანკავა მოედნის ცენტრში საუკეთესო იყო'' - ქართველი საყრდენის აღიარება

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა ყაზახეთის პრემიერ ლიგის მე-12 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. მან ''ჟეტისუსთან'' შეხვედრაში გოლი გაიტანა და ''ტობოლს'' გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა. გოლის გარდა 34 წლის საყრდენი ჩამშლელის ფუნქციებს შესანიშნავად ასრულებდა და ცნობილმა ყაზახურმა ვებგვერდმა Sports.kz-მ ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.

აღნიშნული ვებგვერდი კანკავასთან მიმართებაში ყურადღებას იმ გარემოებაზე ამახვილებს, რომ ქართველი ფეხბურთელის დახმარებით ''ტობოლმა'' ''ჟეტისუ'' დაჩაგრა, მოედნის ცენტრში კანკავა საუკეთესო იყო და ამასთან ერთად ''რეიმსის'' ექს-ნახევარმცველმა ანგარიში გახსნა.

ყაზახეთის პრემიერ ლიგის მე-12 ტურში კანკავასა და კვეკვესკირის ''ტობოლმა'' საკუთარ კედლებში ''ჟეტისუ'' 2:0 დაამარცხა. ანგარიში 53-ე წუთზე საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ გახსნა.

34 წლის ქართველი ფეხბურთელი ყაზახურ კლუბში მესამე სეზონს ატარებს. საერთო ჯამში მან ადგილობრივ ჩემპიონატში მეოთხე გოლი შეაგდო, მიმდინარე სეზონში კი პირველად გაიტანა.

ჯაბა კანკავა შემდეგ მატჩს 8 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით ბელარუსის წინააღმდეგ ჩაატარებს. კანკავას მსგავსად აღნიშნული მატჩისთვის ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ნიკა კვეკვესკირი გამოიძახა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები