კვარაცხელია თურქეთში? - თერიმის სამიზნე ქართველი ტალანტია
Aa
Aa

კვარაცხელია თურქეთში? - თერიმის სამიზნე ქართველი ტალანტია

19 წლის ქართველი ტალანტი ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ყაზანის ''რუბინის'' მაისურით შესანიშნავ სეზონს ატარებს, შესაძლოა თურქული გრანდის, სტამბოლის ''გალათასარაის'' ფეხბურთელი გახდეს.

რუსული წყაროს, Metaratings-ის ცნობით კვარაცხელიას გადაბირების სურვილი პირადად ''გალათასარაის'' მთავარ მწვრთნელს, თურქული ფეხბურთის ცოცხალ ლეგენდას, ფათიჰ თერიმს აქვს.

''გალა'' ქართველის გადაბირებისთვის ზამთარის სატრანსფერო ფანჯრისას იბრძოლებს. თბილისის ''დინამოსა'' და მოსკოვის ''ლოკომოტივის'' ექს-შემტევს ყაზანურ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს.

''რუბინის'' გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა კვარაცხელიას, მაკაროვისა და ბაკაევის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით ამ ფეხბურთელებთან დაკავშირებით დაინტერესებულ კლუბთა მხრიდან წინადადებების მისაღებად მზად არაა, რადგან სეზონი ახლახანს დაიწყო და აღნიშნული მოთამაშეები გუნდისთვის დიდ ძალას წარმოადგენენ.

მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერ ლიგაში 9 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი შეაგდო, 1 საგოლე პასი შეასრულა და 3 პენალტი გამოიმუშავა.

რუსეთის პრემიერ ლიგის მე-10 ტურში ყაზანის ''რუბინი'' ''ახმატს'' უმასპინძლებს. საფეხბურთო დაპირისპირება 4 ოქტომბერს შედგება. აღნიშნული მატჩის შემდეგ კვარაცხელია სამშობლოში დაბრუნდება და ბელარუსთან უმნიშვნელოვანესი შეხვედრისთვის მოემზადება. შეგახსენებთ, 8 ოქტომბერს ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები ბელარუსს ''დინამო არენაზე'' უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები