კუმანი უკვე ბარსელონაშია - მწვრთნელს ბართომეუსთან და მესისთან შეხვედრა სურს
Aa
Aa

კუმანი უკვე ბარსელონაშია - მწვრთნელს ბართომეუსთან და მესისთან შეხვედრა სურს

„ბარსელონას“ ახლადდანიშნული მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი უკვე კატალონიის დედაქალაქში იმყოფება და ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებს.

ესპანური Sport-ის ცნობით, როცა კუმანისა და მესის სატელეფონო საუბარი შედგა, ნიდერლანდელი იმ დროს ბარსელონაში არ იმყოფებოდა, ახლა კი მას კლუბის პრეზიდენტთან და ლეოსთან განცალკევებით შეხვედრა სურს.

კუმანი ჯერ პრეზიდენტთან გასაუბრებას გეგმავს, რომ გუნდის სამომავლო გეგმების შესახებ გაიგოს, შემდეგ კი მესის შეხვდება, რათა დარჩენაში დაარწმუნოს, თუ ეს შესაძლებელი იქნება.

ბოლო ინფორმაციით, მესის პოზიცია კვლავ ურყევია, მას გუნდის დატოვება სურს. არგენტინელი კლუბთან მშვიდობიანად დაშორებას გეგმავს, თუმცა ბართომეუ და მისი ბორდის წევრები „ლა პულგას“ გაყიდვას არ გეგმავენ, რაც საქმეს კიდევ უფრო რთულს და ჩახლართულს ხდის.

როგორც მოგეხსენებათ, მესის კონტრაქტის მიხედვით „ბლაუგრანას“ თავისუფლად დატოვება 10 ივნისამდე შეეძლო. ამჟამად კი მას პანდემიის შედეგად შეცვლილი სეზონისა და წესების იმედი აქვს. ფეხბურთელის იურისტები ამ საკითხზე უკვე მუშაობენ, თუმცა ესპანეთში თვლიან, რომ ლეოს წასვლა ძალიან გაუჭირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები