ძალადობის 4 ეპიზოდი - პროკურატურამ ბასილაშვილის საქმეზე ბრალდების დადგენილება დააზუსტა
Aa
Aa

ძალადობის 4 ეპიზოდი - პროკურატურამ ბასილაშვილის საქმეზე ბრალდების დადგენილება დააზუსტა

საქართველოს პროკურატურამ გაიზიარა PHR-ის მოთხოვნა და ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამოტანილი ბრალდების შესახებ დადგენილება დააზუსტა.

პროკურატურის პოზიციით, გამოძიების მიმდინარეობისას საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით გამოიკვეთა, რომ  ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ნელი დოროყაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა გენდერული ნიშნით განხორციელებულ ფიზიკური ძალადობის არაერთ ფაქტს. ამასთანავე, ნიკოლოზ ბასილაშვილი წლების განმავლობაში ახორციელებდა გენდერული ნიშნით სისტემატურ ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობას, რის შედეგადაც ნელი დოროყაშვილი ფსიქოლოგიურ ტანჯვას განიცდიდა.

დღევანდელი მდგომარეობით, სახელმწიფო ბრალდება ნიკოლოზ ბასილაშვილს ედავება ნელი დოროყაშვილის მიმართ გენდერული ნიშნით სხვადასხვა დროს განხორციელებულ ფიზიკური ძალადობის ოთხ ეპიზოდზე და სისტემატურ ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობას.

ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ ბრალად წარდგენილი ეპიზოდების გარდა,  ფიზიკური ძალადობის რამდენიმე ინციდენტის შემთხვევაში გასულია სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა, თუმცა აღნიშნული ქმედებები მხედველობაში უნდა იყოს მიღებული ძალადობის სისტემატურობისა და სიმძიმის შეფასებისას.

ნელი დოროყაშვილის ადვოკატი, ანა თავხელიძე CrystalSport-თან საუბრისას აცხადებს, რომ საქმის კონკრეტულ ეპიზოდებზე მტკიცებულებების მოძიება გრძელდება. 

მეორე მხრივ, ბასილაშვილის მხარე აღნიშნულ ფაქტს უწოდებს სპეკულაციას, რომელიც მიმართულია ჩოგბურთელისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისკენ. ნიკოლოზ ბასილაშვილის წარმომადგენელი CrystalSport-თან ამბობს, რომ სასამართლო სხდომის გადადება მათ მოითხოვეს, რადგან ნიკოლოზი ახლა დიდი სლემის ტურნირ ამერიკის ღია პირველობისთვის ემზადება, დოროყაშვილის მხარე კი საქმით მანიპულირებას კონკრეტულად ამ პერიოდში ცდილობს, რათა ქართველ სპორტსმენს მნიშვნელოვან ტურნირზე ასპარეზობაში ხელი შეუშალოს.

ნიკოლოზ ბასილაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო სხდომა 20 ოქტომბერს ჩაინიშნა და სწორედ ამ დროს გაირკვევა, რამდენად დააკმაყოფილებს სასამართლო პროკურატურის მოთხოვნებს აღნიშნულ 4 ეპიზოდსა და სისტემატურ ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასთან დაკავშირებით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები