Aa
Aa

ჩეფერინი: „გეგმა ბ საჭირო არაა, ჩემპიონთა ლიგა ლისაბონში დასრულდება"

უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდერ ჩეფერინიმ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და ლისაბონში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდას გამოეხმაურა. ჩეფერინიმ გულშემატკივრები დაამშვიდა და განაცხადა, რომ სათადარიგო გეგმის შემუშავება აუცილებლობას არ წარმოადგენს.

„მინდა პორტუგალიის პრემიერ-მინისტრს, ანტონიო კოშტას ამ პროექტისადმი გამოჩენილი თავდადებისთვის და სამუშაოსთვის, რომელსაც პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად ასრულებს, რათა ტურნირი წარმატებით ჩატარდეს, მადლობა გადავუხადო.

დარწმუნებული ვარ, მხარეებს შორის უწყვეტი და მუდმივი კოლაბორაცია ლისაბონში სეზონის პოზიტიურად ჩამთავრებაში დაგვეხმარება. ამ ეტაპზე გეგმა ბ-ს შემუშავება საჭირო არაა“.

ლისაბონში ბოლო პერიოდში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები გაიზარდა და ქვეყნის მთავრობამ გადაწყვიტა, დედაქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე 19 გარეუბანში მკაცრი კარანტინი გამოაცხადოს.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალური ეტაპი 12 აგვისტოს დაიწყება და 11 დღის განმავლობაში გაგრძელდება. მეოთხედფინალები 12-15 აგვისტოს გაიმართება. ნახევარფინალებს 18-19 აგვისტოს ვიხილავთ, ხოლო ფინალი 23 აგვისტოსაა ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები