სამაგალითო საქციელი - რუდიგერი ეხმარება კლინიკას, რომელშიც დაიბადა
Aa
Aa

სამაგალითო საქციელი - რუდიგერი ეხმარება კლინიკას, რომელშიც დაიბადა

„ჩელსის“ უკანახაზელი, ანტონიო რუდიგერი ბერლინში მდებარე „შარიტეს“ კლინიკის პერსონალის კვების ხარჯებს სამი თვის განმავლობაში დაფარავს. გერმანელი მცველი 1993 წელს სწორედ ამ საავადმყოფოში დაიბადა და გადაწყვიტა კორონავირუსის პანდემიისას მისთვის ხელი გაემართა.

„მიუხედავად იმისა, რომ ლონდონში ვცხოვრობ, ბერლინი ჩემთვის განსაკუთრებული ქალაქია. ბერლინის ძალიან ბევრი მმართებს და მიხარია მისთვის დახმარების გაწევა რომ შემიძლია“, - განაცხადა რუდიგერმა გერმანულ გამოცემასთან საუბრისას.

გავრცელებული ინფორმაციით, რუდიგერი საავადმყოფოს ვითარების გართულებისთანავე დაუკავშირდა და იკითხა დახმარება რით შეეძლო. როგორც ირკვევა, „ჩელსის“ ფეხბურთელმა კლინიკის პერსონალზე ზრუნვა აღდგომამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყო.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა რუდიგერი Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთვება. ცოტა ხნის წინ, იგი ჯორდან ჰენდერსონის საქველმოქმედო ინიციატივას, #PlayersTogether-ს შეუერთდა.

შეგახსენებთ, რომ გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 148024-ს აღწევს, Covid-19-ით კი ქვეყანაში უკვე 4948 ადამიანი გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები