მაკგრეგორისა და სერონის პრესკონფერენცია
Aa
Aa

მაკგრეგორისა და სერონის პრესკონფერენცია

კონორ მაკგრეგორმა და დონალდ სერონიმ პრესკონფერენცია გამართეს. ირლანდიელი მებრძოლი ჩვეულ Trash Talk-ს მოერიდა და მოკრძალებულად ისაუბრა. „კოვბოის" რაც შეეხება, მასაც თითქმის იგივე დამოკიდებულება ჰქონდა.

მაკგრეგორი

„არ შევცვლილვარ. ისევ ისეთი ადამიანი ვარ, როგორიც ვიყავი. მიხარია აქ რომ ვარ და ოქტაგონზე გასვლას მოუთმენლად ველი. ღირსეული მეტოქე მყავს და ჩემთვის ამერიკის მიწაზე დაბრუნება დიდი პატივია. ჩემი ცხოვრება სწორედ ამ ქვეყანაში შეიცვალა“.

„დონალდთან წარსულში დაპირისპირება მქონდა. ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე ჩვენი შელაპარაკება ყველას კარგად ახსოვს, თუმცა მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. კოვბოიმ ივარაუდა, რომ ალდოს ვერ დავამარცხებდი და ისიც თქვა, რომ მსუბუქი წონის დივიზიონისთვის ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ მე დავამტკიცე რომ ცდებოდა. დროთა განმავლობაში ყველაფერი შეიცვალა. დონალდმა ბევრი ბრძოლა ჩაატარა, ოჯახის კაცი გახდა და რთულია ასეთ ადამიანს პატივი არ სცე. Mystic Man-ის პროგნოზს რაც შეეხება, გულშემატკივარი აუცილებლად ნოკაუტს იხილავს“.

„დონალდმა UFC-ში გავლილი გზით ჩემი პატივისცემა დაიმსახურა. მან დივიზიონი რამდენჯერმე შეიცვალა და UFC-ში ნამდვილად არაა ბევრი ისეთი მებრძოლი, რომელიც ამას აკეთებს. ჩვენ შორის „ცუდი სისხლი“ არაა, მაგრამ 19 იანვარს სისხლი აუცილებლად დაიღვრება. ქომაგები კი საინტერესო დაპირისპირებას ნახავენ“.

„ზოგჯერ ცხოვრებაში საჭიროა გარკვეულ ადგილებს ესტუმრო, რათა მიხვდე სიამოვნებას რა განიჭებს. მართალია ისევ იგივე ადამიანი ვარ, მაგრამ ვხვდები, რომ უფრო ენერგიული და გამოცოცხლებული ვარ“.

„წნეხს არ ვგრძნობ, პირიქით ძალიან აღტაცებული ვარ ამ სიტუაციაში რომ აღმოვჩნდი. 19 იანვარს საოცარ შოუს შემოგთავაზებთ, თქვენ უბრალოდ დასხედით და ისიამოვნეთ“.

„კოვბოის ყველაზე სახიფათო იარაღი? დონალდი მომწონს. ის კარგი ბიჭია, მაგრამ მე მას ისე ვკითხულობ, როგორც საბავშვო წიგნს. სერონი მაღალი დონის მებრძოლია და ბევრი რამ შეუძლია, თუმცა ვიცი რას გეგმავს და რისი მიღწევა სურს. ჩვენ კარგად ვართ მომზადებულები და ვნახოთ რა მოხდება“.

„კოვბოიზე უფრო სწრაფი ვარ და ამ ასპექტში უპირატესობა მექნება. 100 პროცენტით მზად ვარ და ვაპირებ ოქტაგონზე გავიდე და ყველას კიდევ ერთხელ ვაჩვენო კონორ მაკგრეგორი ვინაა“.

სერონი

„ამ ბიჭთან ჩხუბი 5 რაუნდის განმავლობაში მსურს. მარტივი გამარჯვება არ მინდა. კონორი გადაშენების პირას მყოფი მებრძოლთა ჯიშის წარმომადგენელია. მასთან ერთად ოქტაგონზე ყოფნა მთელი სიამოვნებაა. ჩვენ ბრძოლის ველზე ყველაფერს დავტოვებთ. 19 იანვრის დადგომას მოუთმენლად ველი“.

„მოგმართავთ თქვენ, ანალიტიკოსებო, თუ გგონიათ, რომ ამ ბიჭს გრეპლინგის წინააღმდეგ დაცვითი ტაქტიკა არ აქვს შემუშავებული, ძალიან ცდებით. ისე საუბრობთ, თითქოს ოქტაგონზე უნდა გავიდე, კონორი ფიცარნაგზე დავაგდო და სხვა არაფერია საჭირო. თუ ასე გგონიათ, დროა რეაულურ სამყაროს დაუბრუნდეთ. რა მოხდება და ვინ გაიმარჯვებს? სისხლის ბოლო წვეთამდე ბრძოლა მოგვიწევს და გამარჯვებულის ბედი ასე გაირკვევა“.

„ჩვენ მოსამზადებელ პერიოდს იმიტომ გავდივართ, რომ ოპონენტი მაშინაც დავამარცხოთ, როცა ყველაზე ცუდ ფორმაში ვიმყოფებით. კონორის თქმით, მას გრიპიც რომ ჰქონდეს, მაინც მომიგებს. ეს ძალიან კარგია! მას თავისი თავის სჯერა და იმედი მაქვს ბრძოლისთვის 100 პროცენტით მზად იქნება. ჩვენ იქაურობას თავზე დავიმხობთ“.

„ჩხუბი სიგიჟემდე მიყვარს და ეს ჩემი მოწოდებაა. ჩვენ ყოველდღე ვვარჯიშობთ და ყოველდღე ვშრომობთ. ეს ბიჭი ოქტაგონზე დიდი ხანია არ ყოფილა, მაგრამ დარწმუნებული ვარ ამ დროის განმავლობაში ყოველდღე ვარჯიშობდა. ეს ყველაფერი ჩვენს ბუნებაშია. ჩვენ გადაშენების პირას მყოფი მებრძოლთა ჯიშის წარმომადგენლები ვართ".

„ძალიან მაგარია როცა იმას იღებ, რასაც იმსახურებ. დიდი მადლობა კონორ. შენ მართალი ხარ! შენთან ჩხუბს ყველაზე დიდი ჰონორარი მოაქვს. შენთან ჩხუბს ყველაზე მეტი გულშემატკივარი უყურებს“.

„მგონია თუ არა, რომ ხალხი და მედია სათანადოდ არ მაფასებს? არა, საერთოდ არა. ამ ბიჭმა ზუსტად იცის ვის წინააღმდეგ უწევს ჩხუბი და ის სათანადოდ ემზადება. ფეხებზე მკიდია მედია რას ამბობს, მხოლოდ ეს ბიჭი მაინტერესებს".

ცხელი ამბები