Aa
Aa

ლუის ჰემილტონი მსოფლიო ჩემპიონი მეექვსედ გახდა! ერთი ნაბიჯი შუმახერამდე

"მერსედესის" ბრიტანელი პილოტი, ლუის ჰემილტონი მსოფლიო ჩემპიონი მეექვსედ გახდა. 34 წლის მრბოლელმა ამერიკის გრან პრიზე სასურველი შედეგი დააფიქსირა და ლეგენდარულ მიხაელ შუმახერს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.

ჰემილტონს პროგრამა მაქსიმუმის შესასრულებლად საუკეთესო 8 პილოტს შორის მოხვედრა ესაჭიროებოდა. ლუისმა კი შესანიშნავად იასპარეზა და ფინიშის ხაზი მეორემ გადაკვეთა. 34 წლის მრბოლელი მხოლოდ თანაგუნდელ ვალტერი ბოტასს ჩამორჩა.

"ვერცხლისფერი ისრის" დუეტს პოდიუმზე მხარი მაქს ფერსტაპენმა დაუმშვენა. შარლ ლეკლერი მეოთხე პოზიციას დასჯერდა. ალექსანდერ ალბონმა მეხუთე ადგილი დაიკავა, ხოლო ლეკლერის მეწყვილე, სებასტიან ფეტელი ბრძოლას ნაადრევად გამოეთიშა.

რბოლის შემდეგ აწ უკვე ექვსგზის მსოფლიო ჩემპიონი ბრიტანულ პრესას ესაუბრა და განაცხადა: "სიმართლე გითხრათ გადამეტებული ემოციების ქვეშ ვარ. გუშინ ჩვენთვის რთული დღე იყო. ვალტერიმ ფანტასტიკურად იმუშავა და მას დამსახურებულ გამარჯვებას ვულოცავ. მე კი ყველაფერი გავაკეთე, რათა "მერსედესს" პირველი და მეორე ადგილი დაეკავებინა".

"როცა ექვსის თუ შვიდი წლის ვიყავი მამაჩემმა მითხრა, რომ არასდროს დავნებებულიყავი და დღემდე ასე ვიქცევი. ჩვენი ოჯახის დევიზი სწორედ ეს გახლავთ".

"ჩემპიონობის რა გითხრათ, მაგრამ როგორც სპორტსმენი თავს მშვენივრად ვგრძნობ. მომდევნო რბოლისთვის მზად ვარ და დანებებას არ ვაპირებ".

ცხელი ამბები