UFC-ის მებრძოლის საოცარი ისტორია - ნარკოტიკები, ზედოზირება, კომა, ციხე და ციხეში ნაპოვნი მამა
Aa
Aa

UFC-ის მებრძოლის საოცარი ისტორია - ნარკოტიკები, ზედოზირება, კომა, ციხე და ციხეში ნაპოვნი მამა

კაილ ბოქნიაკის შესახებ ალბათ არაფერი გსმენიათ, არადა ამ ბიჭის ცხოვრება ბევრი ადამიანის შთაგონების წყაროდ იქცა. UFC-ის მებრძოლმა მიზნის მისაღწევად უამრავი დაბრკოლება გადალახა. მას ზედოზირება მოუვიდა და კომაში ჩავარდა, რასაც მალევე ციხეში გატარებული პერიოდი მოჰყვა, სადაც მან აღმოაჩინა, რომ რამდენიმე მეტრის მოშორებით სასჯელს მამამისი იხდიდა...

ბოქნიაკს აკრძალული პრეპარატები 10 წელია არ მიუღია, თუმცა თავის წარსულს არ ივიწყებს და სურს სხვებს მოტივაცია მისცეს.

„სარეაბილიტაციო კურსებს გავდიოდი და ნარკოტიკებზე დამოკიდებულების დაძლევას ვცდილობდი, თუმცა სერიოზულად აბსოლუტურად ვერაფერს აღვიქვამდი. ამასთან ერთად სკოლაში პრობლემები მქონდა და საბოლოოდ სკოლის მიტოვება გადავწყვიტე. მომდევნო 4-5 წლის განმავლობაში კი არაფერი გამიკეთებია“.

ამერიკელი მებრძოლი თავს ვერ აკონტროლებდა და გამოწერილი წამლების ჭარბი დოზით მიღების გამო, კომაში ჩავარდა. კაილმა კომაში გატარებული ერთი კვირა არაფრად ჩააგდო და ცხოვრება ჩვეულ სტილში განაგრძო. საბოლოოდ საქმე იქამდე მივიდა, რომ ბოქნიაკი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა...

ციხეში კაილმა მამამისი იპოვა, რომელმაც იგი 2 წლის ასაკში მიატოვა. სწორედ ამ დროს, სწორედ ამ მომენტში ბოქნიაკი მიხვდა, რომ ცხოვრება უნდა შეეცვალა. მას არანაირი სურვილი არ ჰქონდა იმ ადამიანს დამსგავსებოდა, რომელიც ყველაზე მეტად ეზიზღებოდა.

„მაშინ პრობლემებში ხშირად ვეხვეოდი. ალკოჰოლს რეგულარულად ვიღებდი, ყოველდღე ვჩხუბობდი და რამდენჯერმე მანქანაც გავიტაცე. კანონი ბევრჯერ დავარღვიე და მოსამართლეს უნდოდა ჩემთვის ჭკუა ესწავლებინა, ამიტომ ციხეში გამგზავნა, სადაც ურთიერთობა ნამდვილ კრიმინალებთან მექნებოდა“.

„ციხეში თავს განადგურებულად ვგრძნობდი. პრაქტიკულად მიწასთან ვიყავი გასწორებული. თანაც მამაჩემი, რომელიც მანამდე არასდროს მენახა, ჩემგან რამდენიმე მეტრის მოშორებით იხდიდა სასჯელს. მასთან ასე ახლოს არასდროს ვყოფილვარ... ეს მომენტი ჩემთვის სრული კატასტროფა იყო. საკუთარ თავს სწორედ მაშინ ვუთხარი, რომ მამაჩემის დონემდე არ უნდა დავცემულიყავი და ცხოვრებაში რაღაც შემეცვალა“.

მოსამართლესთან გულახდილი საუბრის შემდეგ, კაილს პატიმრობა ხუთწლიანი პრობაციით შეუცვალეს.

„ღმერთის დახმარებით სამსახური ვიპოვე და პრობლემების გამოსწორების შანსი მომეცა. თავდაპირველად უბრალოდ ვცდილობდი ფორმა შემენარჩუნებინა, შემდეგ კი Broadway Jiu Jitsu-ს სკოლას წავაწყდი, რომელმაც პრაქტიკულად სიკვდილისგან მიხსნა“.

„შერეული ორთაბრძოლებით მოვიხიბლე და ამ სპორტზე დამოკიდებული გავხდი. ყოველ დილით ვვარჯიშობდი, რაც კონფლიქტური სიტუაციებისგან თავის შორს დაჭერაში მეხმარებოდა. ის, რომ დღეს ცოცხალი ვარ, შერეული ორთაბრძოლების დამსახურებაა“.

„ახლაც ამ სპორტით ვსუნთქავ. შერეული ორთაბრძოლების განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ერთ ადგილას ვერ ჩერდები და უფრო და უფრო მეტი ცოდნის მიღებაზე ხარ ორიენტირებული. ერთი ბარიერის დაძლევის შემდეგ, მომდევნო დაბრკოლების გადალახვით ინტერესდები. სიკვდილს სწორედ ამან გადამარჩინა. ამ სპორტმა ჩემი ყურადღება მიიპყრო. მსურს პროგრესი განვაგრძო და უკეთეს მებრძოლად ჩამოვყალიბდე“.

„მინდა სხვების შთაგონების წყარო გავხდე და პრობლემურ სიტუაციაში მყოფ ხალხს იმედი მივცე. მინდა მათ იცოდნენ, რომ წინსვლა არასდროს შეწყვიტონ და ურთულესი დაბრკოლებების გადასალახად ყველაფერი გააკეთონ“.

 

ცხელი ამბები