სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობაში კახი კახიაშვილი 50 წლისაა!
Aa
Aa

სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობაში კახი კახიაშვილი 50 წლისაა!

ლეგენდარული ქართველი ძალოსანი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი , მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი და რეკორდსმენი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენების კავალერი, სპორტის რაინდი კახი კახიაშვილი 50 წლის გახდა.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, კახი კახიაშვილი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა - მიხეილ ბატიაშვილმა 16 ივლისს სამინისტროში მიიღო და ღირსშესანიშნავი დღე მიულოცა.

მიხიელ ბატიაშვილი:“ პირველ რიგში, მოგესალმებით და მსურს მოგილოცოთ ეს მართლაც ღირსშესანიშნავი თარიღი - 50 წლის იუბილე. ჩვენთვის ნამდვილად არახალია ის უამრავი მიღწევა და დამსახურება, რასაც თქვენს უნიკალურ სპორტულ კარიერაში მიაღწიეთ. განსაკუთრებით მაინც პირველი დიდი ოლიმპიური გამარჯვება მსურს გამოვარჩიო, რომელიც თქვენს სამშობლოს – საქართველოს უკავშირდება. ნამდვილად დაუვიწყარი იყო ის ემოციები, როდესაც ასევე ჩვენს ლეგენდარულ სპორტსმენებთან, ძიუდოისტ დავით ხახალეიშვილთან და მოჭიდავე ლერი ხაბელოვთან ერთად, თქვენი გამარჯვების აღსანიშნავად, 1992 წლის ბარსელონას ოლიმპიურ თამაშებზე პირველად აჟღერდა დამოუკიდებელი საქართველოს ჰიმნი და აღიმართა ჩვენი ქვეყნის დროშა. ასევე, ნამდვილად სამაგალითო გახლავთ ბატონი კახის შემდგომი საქმიანობა რომელიც ასევე სპორტს და რა თქმა უნდა, ძალოსნობას უკავშირდება. საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე მუშაობისას, ქართული ძალოსნობა მართლაც რომ ახალ სიმაღლეებზე ავიდა. ბატონო კახი, კიდევ ერთხელ მსურს მოგილოცოთ 50 წლის საიუბილეო თარიღი და ყოველივე საუკეთესო გისურვოთ!“

ცხელი ამბები