საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ჰოლანდიელთა ძლევით გახსნა
Aa
Aa

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ჰოლანდიელთა ძლევით გახსნა

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა შთამბეჭდავად დაიწყო ევროპის ჩემპიონატი. მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილი გუნდი კონტინენტის პირველობის B დივიზიონში ასპარეზობს და ტურნირის მონაწილე 21 ნაკრების მსგავსად მიზნად საუკეთესო სამეულში მოხვედრა აქვს, რათა მომავალი სეზონისთვის ელიტარულ – A დივიზიონში ასპარეზობის უფლება მოიპოვოს. საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე ჰოლანდია გახლდათ, რომელიც სპეციალისტების მიერ უპირობო ფავორიტად მიიჩნეოდა, თუმცა ქართველებმა ნიდერლანდელებს ისე მოუგეს, შანსი არ დაუტოვეს – 85:73.

გამარჯვებაში ყველა მოთმაშეს მიუძღვის წილი, თუმცა სტატისტიკით და ამ მიმდევრობით ყველაზე შედეგიანები ეს მოთამაშეები იყვნენ: ცოტნე ცარციძე, ლუკა მაზიაშვილი, ზურა ჟღენტი და რატი ანდრონიკაშვილი. ცარციძე სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა მოედანზე ქართველთაგან ყველაზე მეტი – 34:29 წუთი გაატარა და ყველაზე ეფექტურიც იყო: 12 ქულა, 11 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა. მაზიაშვილიც სათადარიგო იყო და 29:41 წუთში 17 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. ზურა ჟღენტმა 14 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა, ანდრონიკაშვილის ანგარიშზე კი 26 ქულა (მატჩის ბომბარდირი), 8 პასი, 4 მოხსნა და 3 ჩაჭრა დაგროვდა.

ჩვენს ჯგუფში ესტონეთმა კოსოვოს 86:37 სძლია, ხოლო შვედეთმა სომხეთი 149:26 გაანადგურა. საქართველოს ნაკრები 13 ივლისს სომხეთს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები