ბრძოლა გადარჩენისთვის - MMA-ის ტაილანდელი მებრძოლები, რომლებიც რინგზე 10 წლის ასაკში გავიდნენ
Aa
Aa

ბრძოლა გადარჩენისთვის - MMA-ის ტაილანდელი მებრძოლები, რომლებიც რინგზე 10 წლის ასაკში გავიდნენ

მუაი ტაი - შერეული ორთაბრძოლების სახეობა, რომელიც ტაილანდს უკავშირდება და ქვეყნის მასშტაბით უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. ეს გახლავთ სპორტი, რომელშიც ასაკს მნიშვნელობა არ აქვს!

ბრიტანულმა გამოცემა The Sun-მა მუაი ტაის ვრცელი სტატია მიუძღვნა, რომელშიც ტაილანდელ მებრძოლებთან ჩაწერილი ინტერვიუც გამოიყენა. მეომრებთან, რომლებმაც სიღარიბე დაძლიეს და წარმატებას მიაღწიეს, თუმცა პრობლემები მუდამ თან ახლდათ! კრიმინალური ავტორიტეტები მათზე ფსონებს აკეთებდნენ. ხანდახან ორთაბრძოლების განზრახ წაგებას სთხოვდნენ და ერთხელ იყო მომენტი, როცა მებრძოლი თავისივე მწვრთნელმა მოწამლა!

MMA-ის ამომავალმა ვარსკლავმა საგეტდაო პეტპაიათაიმ, რომელიც ONE Championship-ში გამოდის მშობლების რჩევებს ყური არ უგდო და 10 წლის ასაკში მუაი ტაის წესებით გამართულ ორთაბრძოლებში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა.

„ჩხუბი 10 წლის ასაკში დავიწყე. მინდოდა ჩემს ოჯახს დავხმარებოდი... როცა რინგთან ვიდექი და ვხურდებოდი შიშისგან ვკანკალებდი, მაგრამ რინგზე გასვლისას ყველაფერი მავიწყდებოდა. პირველი დაპირისპირების სანაცვლოდ 2 ფუნტი მივიღე. საბედნიეროდ ჩემი ჰონორარი ჩატარებული ორთაბრძოლების რაოდენობასთან ერთად იზრდებოდა“.

პეტპაიათაი დარბაზის მფლობელმა, რომელშიც ვარჯიშობდა 2.5 ფუნტის სანაცვლოდ გაყიდა და საგეტდაოს ბანგკოკში მოუწია გადასვლა. 

მუაი ტაის ყოფილმა ჩემპიონმა და ONE Championship-ში მოასპარეზე დეჯდამრონგ სორ ამნუაისირიჩოკემ კი პირველი ჯახი 9 წლის ასაკში ჩაატარა და მისი ანაზღაურება გაცილებით ნაკლები იყო.

ამნუაისირიჩოკემ 1.5 ფუნტი მიიღო, მაგრამ ძალიან ბედნიერი გახლდათ, რადგან ოჯახს დაეხმარა. მის მშობლებს სამსახურში მისასვლელად რამდენიმე კილომეტრის დაფარვა უწევდათ და მათთვის 1.5 ფუნტი მაშინ არც ისე პატარა თანხა იყო...

„მუაი ტაის წესებით გამართულ ორთაბრძოლებში მონაწილეობის მიღება ორი მიზეზის გამო გადავწყვიტე. პირველი - ჩხუბების ყურება სიამოვნებას მანიჭებდა და მეორე - მინდოდა ოჯახს დავხმარებოდი“.

„ჩემი მშობლები სხვა ქალაქში მუშაობდნენ და ბებია მივლიდა. წნეხის ქვეშ არ ვიყავი, მაგრამ გადავწყვიტე ოჯახისთვის რაღაც გამეკეთებინა. რინგზე გასვლის პირველივე მომენტში ბედნიერება და სიამაყე ვიგრძენი“!

სამწუხაროდ ტაილანდელ ბავშვებს წნეხთან გამკლავება რეგულარულად უწევთ... მათ ორთაბრძოლებზე ფსონებს თითქმის ყოველთვის აკეთებენ და პლუს ამას დაპირისპირების დათმობასაც სთხოვენ... პეტპაიათაის ისტორია განსაკუთრებულია! 17 წლის ასაკში იგი თავისივე მწვრთნელმა მოწამლა! მწვრთნელს ფსონი ჰქონდა განთავსებული და ყველაფერი გეგმის მიხედვით რომ განვითარებულიყო 50000 ფუნტს დაისაკუთრებდა. მისდა სამწუხაროდ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად პეტპაიათაიმ გამარჯვება გაიფორმა და მწვრთნელს ღალატი ძვირად დაუჯდა.

„რესტორანში წასვლა გადავწყვიტე და თევზი მივირთვი. როგორც შემდეგ გავიგე ერთ-ერთმა მწვრთნელმა ჩემი კერძი მოწამლა. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ადამიანი, რომელსაც ვენდობოდი და მიყვარდა, ასეთ რამეს მოიმოქმედებდა“.

ამნუაისირიჩოკეს 22 წლის ასაკში 350 ბრძოლა ჰქონდა ჩატარებული. ერთ დღეს მასთან კრიმინალური ავტორიტეტი მივიდა და სთხოვა შეხვედრა დაეთმო. მუაი ტაის მებრძოლისთვის განზრახ წაგება უდიდესი შეურაცხყოფაა და ამნუაისირიჩოკეს მამამ „სტუმარს“ საკადრისი პასუხი გასცა...

ტაილანდში ეს სპორტი დღემდე ძალიან პოპულარულია. ბავშვები მუაი ტაის ორთაბრძოლებში მონაწილეობას ხშირად იღებენ და 18 წლამდე ასობით ბრძოლას ატარებენ...

 

ცხელი ამბები