მცველი, ნახევარმცველი და ფორვარდი - რონალდუ
Aa
Aa
24 აპრილი 2019  |  21:42

მცველი, ნახევარმცველი და ფორვარდი - რონალდუ "იუვენტუსს" 3 ფეხბურთელის შეძენას ურჩევს

ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ კრიშტიანუ რონალდუ "იუვენტუსის" ასპარეზობით ძალიან იმედგაცრუებული გახლდათ და მატჩის შემდეგ კომენტარი არც გაუკეთებია.

პორტუგალიელმა პრესასთან მოგვიანებით ისაუბრა: "ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი პირველი სკუდეტო მოვიგე და ამასთან ერთად რეკორდიც დავამყარე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია.

იტალიაში ეს ჩემი პირველი წელია და მე უკვე ჩემპიონატი და სუპერთასი მოვიგე. ჩემპიონთა ლიგაზე გუნდი კარგად გამოიყურებოდა, გამარჯვება წელს არ გამოგვივიდა, თუმცა გაისად უკეთესად შევეცდებით.

თუ მე აქ ვიქნები? რა თქმა უნდა აქ ვიქნები 100%-ით, არა 1000%-ით!"

Corriere Dello Sport-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც რონალდუ კლუბს შემადგენლობის გაძლიერებას სთხოვს. კრიშტიანუ მათ რჩევას აძლევს, რომ შემდეგი 3 მოთამაშე დაიმატონ - რაფაელ ვარანი, ისკო და ჟოაო ფელიში.

დაცვის ცენტრი, რომელიც საკმაოდ ასაკოვანია, ნახევარდაცვის ცენტრი, რომელსაც კრეატივი აკლია და თავდასხმის ხაზი, რომელსაც მრავალფეროვნება აკლია.

რონალდუს მიერ მოთხოვნილი სამეული "იუვენტუსს" მართლაც ძალიან გააძლიერებს, თუმცა ხსენებული ტრანსფერების განხორციელება ურთულესი იქნება.

ვარანი ზიდანის ფავორიტი მცველია და რთული წარმოსადგენია ზიზუმ ის დათმოს. რაც შეეხება ისკოს, მისი შეძენა ფანტასტიკის სფერო სულაც არ გახლავთ.

ჟოაო ფელიში - 19 წლის პორტუგალიელი ტალანტის შეძენა თითქმის ყველა გრანდს სურს. რა თქმა უნდა "იუვეს" დიდი ბრძოლის გადატანა მოუწევს, თუმცა რონალდუს ფაქტორმა შესაძლოა უნიჭიერესი ფორვარდი ტურინში მოახვედროს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები