გუარდიოლა:
Aa
Aa

გუარდიოლა: "ტურნირზე შემორჩენილი რვავე გუნდი ტიტულის მოგების პრეტენდენტია"

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გუარდიოლამ, ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩის წინ, რომელშიც მისი გუნდის მეტოქე "ტოტენჰემია", ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

ესპანელი სპეციალისტის თქმით, მეტოქეებმა ერთმანეთის პლუს-მინუსები კარგად იციან და ზუსტად აქვთ გაანალიზებული, რა ძალას უნდა დაუპირისპირდეს.

"ტურნირზე შემორჩენილი რვავე გუნდი ტიტულის მოგების პრეტენდენტია. ეს ჩემპიონთა ლიგაა, ფლეი-ოფის პირველი შეხვედრა, რომელშიც მეტოქეები ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობენ.

რა თქმა უნდა, მინდა, რომ საწყის 10 წუთში 3 გოლი გავიტანოთ, ამას ჩემს ფეხბურთელებსაც ვეტყვი. ჩვენ საკუთარი თამაში უნდა ვაჩვენოთ, ისე, როგორც ამას "ტოტენჰემის" წინააღმდეგ ყოველთვის ვაკეთებთ ხოლმე. წარმომიდგენია, ახალ სტადიონზე როგორი ატმოსფერო იქნება და, ვფიქრობ, გულშემატკივარი კარგ სანახაობას იხილავს.

თუკი ჩვენ ახალი სტადიონისა და მაყურებლის შესახებ ვიფიქრებთ, მაშინ იმაზე ვერ ვკონცენტრირდებით - მოედანზე რა უნდა გავაკეთოთ. ბუნებრივია, რომ მეტოქეს დიდი მხარდაჭერა ექნება, ეს ხომ განსაკუთრებული მატჩია. "ტოტენჰემი" ახალ სტადიონზე მეორედ თამაშობს, ასე რომ, ჩვენ ზუსტად ვიცით, რა წინააღმდეგობაც გველის. აუცილებელია, რომ ამ ყველაფერთან გამკლავების გზები ვიცოდეთ, რადგან თუ ამისთვის მზად არ ვიქნებით, შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საფუძველს ვერ ჩავყრით". - აცხადებს გუარდიოლა.

"ტოტენჰემი" და "სიტი" დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე ითამაშებენ. შეხვედრის მთავარი არბიტრი ჰოლანდიელი ბიორნ კუიპერსი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები