Aa
Aa

"ელ კლასიკო" - წინასამატჩო პრესკონფერენცია

დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე ლა ლიგის ეგიდით სეზონის მეორე "ელ კლასიკო" შედგება.

სამი დღის წინ "ბარსელონამ" "რეალი" 3:0 დაამარცხა და სამეფო თასის ფინალში გავიდა. პირველ წრეში კი კატალონიელებმა "კამპ ნოუზე" მადრიდელებს კიდევ ერთი მტკივნეული მარცხი აგემეს და 5:1 გაანადგურეს.

"რეალი" რევანშისთვის ემზადება. სოლარის გუნდს საკუთარი ქომაგის თვალში რეაბილიტაცია სურს.

გუნდების თავკაცებმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე შეხვედრის მნიშვნელობასა და ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრეს.

სანტიაგო სოლარი: "წინა მატჩის შემდეგ ვეცადეთ, რომ ის ასპექტები გაგვეუმჯობესებინა რომლებშიც მოვიკოჭლებდით.

"ბარსა" ჩვენი მარადიული მეტოქეა და რა თქმა უნდა ამჯერადაც ურთულესი შეხვედრა გველის.

მჯერა, რომ ჩემს გუნდს გამარჯვების მოპოვება შეუძლია. საამისოდ საჭიროა ბრძოლა ბოლო წუთამდე.

ჩემი მომავალი? არ ვთვლი, რომ "ელ კლასიკო" მასზე გავლენას მოახდენს. თუ კატალონიელებს დავამარცხებთ სხვაობას 6 ქულამდე შევამცირებთ.

ვინისიუსით აღფრთოვანებული ვარ. მან ასეთ მოკლე დროში საოცარი პროგრესი აჩვენა. ის თავდადებული და შრომისმოყვარეა. მას სწავლის სურვილი აქვს და მე ამას ძალიან ვაფასებ.

"ბარსელონასთან" მატჩისთვის შემადგენლობის მხრივ პრობლემები არ გვაქვს. მარკოს ლორენტეს გარდა ყველა მოთამაშე თავს კარგად გრძნობს და სათამაშოდ მზად არის.

ახლა რამოსის დისკვალიფიკაციაზე საუბარი არ მსურს, მთელი კონცენტრაცია "კლასიკოსკენ" არის მიმართული. რევანში გვსურს და ქომაგების მხარდაჭერის იმედი გვაქვს.

ცვლილებები შემადგენლობაში? ამის შესახებ წინასწარ საუბარს არ ვაპირებ. ბეილი ნელ-ნელა ფორმაში შედის, ასენსიომ ჩემპიონთა ლიგაზე "აიაქსთან" კარგი მატჩი ჩაატარა. მარსელო? მის სათამაშო კლასში ეჭვის შეტანა დიდი სისულელეა. ბრაზილიელი "რეალს" ძალიან სჭირდება".

ერნესტო ვალვერდე: "ტრებლის მოგება? არა, ჯერ ამაზე საუბარი აბსურდული და ნაადრევია. როდესაც ორ ტიტულს მოიგებ, ამის შემდეგ ტრიპლეტის შესრულებაზე საუბარი ნამდილად შეიძლება. ჯერ ჩვენ არაფერი მოგვიგია.

უახლოესი შეხვედრების მოგებას ვგეგმავთ. "რეალთან" მატჩი კი რთული იქნება, აქ ვერაფერს გამორიცხავ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ის, რომ "ბერნაბეუზე" რამდენიმე დღის წინ მოვიგეთ, არაფრის გარანტიას არ გვაძლევს.

"რეალი" მოტივირებულია, რადგან წინა მატჩში დაფიქსირებული შედეგის გამოსწორება სურთ, ჩვენ კი გამარჯვების შემდეგ თავდაჯერებულები ვართ.

არ მაწუხებს, თუ ვინმე ფიქრობს, რომ წინა შეხვედრაში მაღალი დონის თამაში ვერ ვაჩვენეთ. "ლიონთან" მატჩზე უკვე ვისაუბრე. როცა 25-ჯერ დაარტყამ კარისკენ და გოლს ვერ გაიტან, ესეიგი პრობლემა გაქვს, ხოლო თუ 3-ჯერ დაარტყამ და ყველა მათგანი გადის, ზოგიერთი ამასაც პრობლემად თვლის, თუმცა მე ყველას აზრს პატივს ვცემ. იმ მოსაზრებას ვეთანხმები, რომ გუნდმა თამაში უნდა გააუმჯობესოს.

ცვლილებები სასტარტოში? ამაზე ჯერ კიდევ ვფიქრობ. რთული მატჩები ჩატარება გვიწევს და ცვლილებებს არ გამოვრიცხავ.

არტურის თამაში მის ფიზიკურ მომზადებაზეა დამოკიდებული. არტურო ვიდალი გუნდს ძალიან დიდ დახმარებას უწევს, მას თამაში ნებისმიერ დროს შეუძლია, ის ძალიან გამოცდილია.

ერთადერთი პრობლემა რაც მაქვს ეს არის განაცხადი, სადაც 25 მოთამაშეა და თამაში ყველას სურს".

ასევე იხილეთ - ჟან-კლერ ტოდიბო, „ბარსას“ მომავალი, რომელმაც 9 წლის ასაკში კინაღამ ორივე ფეხი დაკარგა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები