Aa
Aa

"თუკი, მაგალითად, „რეალში“ გადავიდოდი"... - რატომ არ აირჩია ბატისტუტამ მადრიდი?

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფორვარდმა, გაბრიელ ბატისტუტამ მისი კარიერის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ შეთავაზებები „რეალიდან“, „მილანიდან“ და „მანჩესტერიდან“ ჰქონდა, თუმცა ფლორენციაში მშვიდი ცხოვრება არჩია.

„ბატიგოლმა“ „ფიორენტინასთან“ ერთად იტალიის თასი და სუპერ თასი მოიგო, მისი თქმით, ჩამოთვლილ გრანდებში გაცილებით უფრო მოცულობითი ტიტულატურა ექნებოდა, თუმცა ეს მისთვის მნიშვნელოვანი არ იყო.

„როცა „ფიორენტინაში“ ვიყავი, ისეთი კლუბები მეპატიჟებოდნენ, როგორებიც „რეალი“, „მილანი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ არიან, თუმცა საბოლოოდ, ფლორენციაში მშვიდი ცხოვრება ვარჩიე.

ჩემს კარიერაში თითქმის არაფერი მომიგია, მაგრამ საკუთარ თავს მაინც გამარჯვებულად განვიხილავ. ეს ნამდვილად ასეა, რადგან „ფიორენტინა“ დავარწმუნე, რომ მასზე დიდ გუნდებთან ჭიდილი შეეძლო.

თუკი, მაგალითად, „რეალში“ გადავიდოდი, გაცილებით მეტ ტიტულს მოვიგებდი და კარიერულად 200-ზე მეტი გოლის გატანასაც შევძლებდი, მაგრამ მოწყენილი ვიქნებოდი. იგივე მოხდებოდა „მილანში“ გადასვლის შემთხვევაშიც.

გუნდის ლიდერობა არასდროს მხიბლავდა, რადგან როცა ლიდერი ხარ, არა მხოლოდ გამარჯვებასა და წაგებაზე ხარ პასუხისმგებელი, არამედ ფეხბურთელებიც გაცილებით სხვა პროდუქტად აღგიქვამენ“.

გაბრიელ ბატისტუტა 1 თებერვალს 50 წლის გახდა. მან კარიერის 9 წლიანი მონაკვეთი, 1991-2000 წლები „ფიორენტინაში“ გაატარა, შემდეგ კი „რომაში“ გადავიდა და მასთან ერთად იტალიის ჩემპიონატი მოიგო.

რაც შეეხება არგენტინის ნაკრებს, „ბატიგოლმა“ მის რიგებში თავი 54-ჯერ გამოიჩინა და 2017 წლის ოქტომბრამდე ეროვნული გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახლდათ. ამ მომენტისათვის ეს წოდება, 65 გოლით, ლიონელ მესის აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები