Aa
Aa

ბასილაშვილმა მძიმე მატჩი მოიგო და AUS OPEN-ის მე-3 წრეში გავიდა!

ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის მე-2 წრეში იტალიელ სტეფანო ტრავალიას დაუპირისპირდა და უმძიმესი მატჩის გადატანა მოუწია.

მსოფლიოს 137-ე ჩოგანი ტრავალია სეტებში 2:1 დაწინაურდა და შემდეგ რაუნდში გასვლის რეალური შანსი გაუჩნდა, ბასილაშვილი კი რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. თუმცა, ქართველმა მოუმატა და ბოლო 2 პარტია კარგად ჩაატარა და 5 სეტში - 3:6; 6:3; 3:6; 6:4; 6:3 იმარჯვა.

ქართველმა ჩოგბურთელმა 9 ეისი მოაწოდა და 12 ორმაგი შეცდომა დაუშვა. პირველ მოწოდებაზე 85-დან 61, ხოლო მეორეზე 52-დან 22 ქულა მოიგო, ასევე, 42 ვინერი შეასრულა, რასაც ძალიან ბევრი - 57 უნებლიე შეცდომა დაემატა.

ნიკა ტურნირის შემდეგ წრეში მსოფლიოს მე-15 ჩოგან სტეფანოს ციციპასს შეხვდება, რომელმაც სერბ ვიქტორ ტროიცკის 4 სეტში აჯობა. აღნიშნული შეხვედრა 18 იანვარს გაიმართება, ჩოგბურთელები ერთმანეთთან პირველად ითამაშებენ.

რაც შეეხებათ სხვა ქართველებს, ოქსანა კალაშნიკოვამ წყვილთა შორის პირველსავე წრეში წააგო. მისი და დაიანა იასტრემსკას დუეტი ვანი/კიჩენიოკის წყვილთან 2 სეტში - 4:6; 2:6 დამარცხდა. 

იუნიორთა შორის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი ჩაატარა ზოზი ქარდავამ. 17 წლის ქართველმა გოგონამ შესარჩევი სტადიის 1/2 ფინალში, ამერიკელ მეგან ბეისონს მარტივად - 6:3; 6:2 აჯობა და ძირითად ბადეში გასვლამდე 1 შეხვედრის მოგება აშორებს. ქარდავას მეტოქე 16 წლის იაპონელი საკი იმამურა იქნება, თამაში ხვალ გამთენიისას ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები