„კორინთიანსმა“ აირტონ სენას პატივი მიაგო
Aa
Aa

„კორინთიანსმა“ აირტონ სენას პატივი მიაგო

აირტონ სენა 1994 წელს გარდაიცვალა, მაგრამ იგი დღემდე ბრაზილიელი ხალხის საყვარელ სპორტსმენად რჩება. ქვეყნის ერთ-ერთმა საკმაოდ პოპულარულმა კლუბმა, „კორინთიანსმა“, ლეგენდარული მრბოლელის კიდევ ერთხელ გახსენება და მისთვის პატივის მიგება გადაწყვიტა. შეგახსენებთ, რომ სამი ჩემპიონობიდან სენამ პირველი 1988 წელს მოიგო და „კორინთიანსის“ ღირსეული ჟესტი სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება.

ბრაზილიურმა კლუბმა აირტონის მიღწევის საპატივცემულოდ სპეციალური ფორმა შექმნა, რომელიც ოქროსფერში და შავშია გადაწყვეტილი. ეს შემთხვევითობა ნამდვილად არაა. სენამ ფორმულა ერთში პირველი რბოლა „ლოტუსის“ მანქანით მოიგო და მისი ბოლიდი ზუსტად იგივე ფერებით იყო გაფორმებული.

აირტონმა, რომელიც „კორინთიანსის“ თავგადაკლული გულშემატკივარი გახლდათ, პირველი ჩემპიონობა იაპონიის გრან პრის შემდეგ გაიფორმა. წლევანდელი ფორმულა ერთის კალენდრის მიხედვით კი შემდეგი რბოლა 7 ოქტომბერს, სწორედ იაპონიაშია ჩანიშნული და რა გასაკვირია, რომ კლუბმა სენასთვის პატივის მიგება სწორედ ახლა გადაწყვიტა.

მაისურზე დატანილი 41 ოქროსფერი ხაზი აირტონის მიერ მოგებულ 41 რბოლას გამოსახავს. სპონსორის სახელის ნაცვლად ფორმას სენას ავტოგრაფი ამშვენებს, ხოლო მაისურის შიგნით წარწერა "Senna sempre"  გვხვდება, რაც ქართულად ასე ჟღერს - „სენა სამუდამოდ“!.

აღსანიშნავია, რომ აირტონმა სამივე ტიტული „მაკლარენის“ ბოლიდით მოიგო. ეს უკანასკნელი მაშინ წითელ და თეთრ ზოლებთან ასოცირდებოდა, თუმცა „კორინთიანსი“ ამ ფერებში გადაწყვეტილ მაისურს ვერ ჩაიცვამდა, რადგან მსგავსი ფორმით კლუბის მოსისხლე მტერი, „სან პაული“ ასპარეზობს.

„კორინთიანსის“ ფეხბურთელები მაისურს მომდევნო ტურში, „ფლამენგოსთან“ მატჩში მოირგებენ.

ცხელი ამბები