3 საათიანი თრილერი და დამსახურებული ფინალი! - გორგოძე ტიტულთან ერთ ნაბიჯშია
Aa
Aa

3 საათიანი თრილერი და დამსახურებული ფინალი! - გორგოძე ტიტულთან ერთ ნაბიჯშია

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე ქალთა საჩოგბურთო ტურნირზე, ეკატერინე გორგოძე წარმატებულ სვლას აგრძელებს და წყვილთა შორის მოპოვებული ფინალის შემდეგ, გადამწყვეტ სტადიაზე ერთეულთა შორისაც გააღწია.

დღეს, საქართველოს პირველმა ჩოგანმა ურთულესი ბრძოლა გადაიტანა და გათამაშებაზე მე-2 ნომრად განთესილ, ჩეხ მარიე ბუზკოვას თითქმის 3 საათიანი დაპირისპირება მოუგო.

ზუსტად თუ ვიტყვით, თამაში 2 საათსა და 45 წუთს გაგრძელდა და მისი პირველი პარტია ეკომ საკმაოდ დამაჯერებლად - 6:2 მოიგო, რასაც ჩაგდებული მეორე სეტის სტარტი და შედეგად, სეტებში ანგარიშის გათანაბრება მოჰყვა.

ყველაზე დაძაბული მე-3 სეტი გამოდგა, რომელშიც ქართველი ბრეიკით მარცხდებოდა, თუმცა 2:3-ზე მეტოქის მოწოდება აიღო, რასაც საკუთარ გეიმებში სტაბილურად გამართული თამაში და 5:4-ზე კიდევ ერთი ბრეიკი მიაყოლა - 6:2; 4:6; 6:4.

გორგოძეს ეისი არ ჩაუწოდებია და 6 ორმაგი შეცდომა დაუშვა. პირველ მოწოდებაზე ქულების 55% (62-დან 34), მეორეზე კი 49% (47-დან 23) მოიგო.

აღსანიშნავია, რომ ეკოს დღევანდელ მატჩამდე სეტი წაგებული არ ჰქონდა, ხვალ კი ფინალამდე ასევე 1 სეტის ჩაგდებით მისულ, უზბეკ საბინა შარიპოვას შეხვდება.

შარიპოვა 23 წლისაა და ამჟამინდელ მსოფლიო რეიტინგში 144-ე ადგილზე იმყოფება (ეკო 267-ეა), რის გამოც ამ ტურნირზე პირველი განთესვითაა. მას და გორგოძეს ერთმანეთში ერთხელ - 2014 წელს, ჰარდის საფარზე უთამაშიათ და მაშინ უზბეკმა 6:3; 6:3 იმარჯვა.

რაც შეეხება წყვილთა თანრიგის ფინალს, იგი დღეს გაიმართება და გორგოძე/ამანმურადოვას ქართულ-უზბეკური წყვილი, ჯენგიზი/დანილინას თურქულ-ყაზახურ დუეტს დაუპირისპირდება. როგორც ჩოგბურთის საერთაშორისო ასოციაციის საიტზე წერია, თამაში თბილისის დროით 13:15 საათზე დაიწყება.

პ.ს. გორგოძემ და ამანმურადოვამ ტიტულის მოგება ვერ შეძლეს. ისინი ფინალურ მატჩში 6:3; 3:6; 7:10 დამარცხდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები