Aa
Aa

რონალდუს ბრწყინვალე რეკორდი - პორტუგალია 1/8 ფინალს მიუახლოვდა!

მოსკოვში, "ლუჟნიკებზე", პორტუგალიის ნაკრებმა მიმდინარე ტურნირზე პირველი გამარჯვება მაროკოს წინააღმდეგ მოიპოვა.

საკმაოდ ბევრი საგოლე მომენტის მიუხედავად, შეხვედრის მე-4 წუთზე კრიშტიანუ რონალუს მიერ გატანილი გოლი, ერთადერთი აღმოჩნდა და ფერნანდო სანტოსის გუნდმა საჭირო 3 ქულა აიღო.

პორტუგალიელთა კაპიტანმა ამ გოლით, ფერენც პუშკაშის რეკორდი გააუმჯობესა და ევროპულ ნაკრებთა საუკეთესო ბომბარდირთა შორის, პირველ ადგილზე გადაინაცვლა. პუშკაშის ანგარიშზე 84 სანაკრებო გოლია, კრიშტიანუმ კი დღეს თავისი 85-ე სანაკრებო შედეგიანი დარტყმა შეასრულა.

მსოფლიოს მასშტაბით, სანაკრებო მატჩებში გატანილი გოლების რეკორდი ირანელ ალი დაეის ეკუთვნის, რომელმაც 1993-2006 წლებში, ნაკრების მაისურით 109 გოლი შეაგდო.

ამასთანავე, რონალდუ მე-2 პორტუგალიელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე სულ მცირე 4 გოლი გაიტანა. 1966 წლის ჩემპიონატზე, ეუსებიომ 9 გოლის გატანა შეძლო.

მადრიდის "რეალის" სუპერვარსკვლავმა მატჩის მე-4 წუთზე, ჟოაო მოუტინიოს ჩაწოდებულის შემდეგ ისარგებლა. მან საჯარიმოში კარგი პოზიცია შეარჩია, მცველებს დაუძვრა და ახლო მანძილიდან ძლიერი დარტყმით გაიტანა.

 

გატანილი გოლის შემდეგ, პირენეელებმა ინიციატივა დათმეს და უპირატესობას მაროკო დაეუფლა, თუმცა რუი პატრისიო და მისი თანაგუნდელები კარს კარგად იცავდნენ. უდავოდ გამოსარჩევია პატრისიოს შესანიშნავი თამაში, რომელმაც რამდენიმე ურთულესი ბურთი მოიგერია.

 

შეხვედრა ძალიან დაძაბული და უშეღავათო ბრძოლის ფონზე მიმდინარეობდა, ამერიკელ მთავარ მსაჯ მარკ გეიგერსაც თამაშის შეჩერება ხშირად უწევდა - მან ფეხბურთელები ჯამში 42-ჯერ (!!!) დააჯარიმა.

მაროკოელებს ყველაზე კარგი შანსი 57-ე წუთზე მიეცათ, როცა ჯარიმიდან ჩაწოდებულის შემდეგ, იუნეს ბელჰანდამ თავით კარგად დაარტყა, მაგრამ პორტუგალიელთა მეკარემ ბრწყინვალე სეივი შემოგვთავაზა. 

საერთო ჯამში, აფრიკელები ბევრს ცდილობდნენ და შანსებიც ჰქონდათ, თუმცა ცოტა იღბლისა და ორგანიზებული თავდაცვის წყალობით, პორტუგალიამ უმნიშვნელოვანეს 3 ქულას მიაღწია და კარგი შანსი აქვს, რომ ჯგუფის პირველი ადგილისთვის იბრძოლოს.

პორტუგალიამ 4 ქულა მოაგროვა და 1/8 ფინალში გასვლის მშვენიერი შანსი აქვს, თუმცა დიდი ალბათობით, ბოლო ტურში წაგების უფლება არ ექნება, რადგან ასეთ შემთხვევაში, ჯგუფში ჩარჩენა დაემუქრება. ფერნანდო სანტოსის კონკურენტი, ესპანეთი, რომელსაც 1 ქულა აქვს, დღეს, 3 ქულიან ირანს შეხვდება.

პორტუგალია ბოლო ტურში ირანის წინააღმდეგ ითამაშებს, მაროკო, რომელსაც შემდეგ ეტაპზე გასვლის თეორიული შანსიც აღარ აქვს, ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

დავამატოთ ისიც, რომ კრიშტიანუ რონალდუ მიმდინარე გათამაშების საუკეთესო ბომბარდირია. მას 1 გოლით დენის ჩერიშევი ჩამორჩება, 2-2 გოლი კი დიეგო კოშტამ, არტიომ ძიუბამ, ჰარი კეინმა და რომელუ ლუკაკუმ გაიტანეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები