24 წლიანი პარტნიორობა სრულდება! - ფედერერი და NIKE კონტრაქტს აღარ აგრძელებენ...
Aa
Aa

24 წლიანი პარტნიორობა სრულდება! - ფედერერი და NIKE კონტრაქტს აღარ აგრძელებენ...

ლეგენდარული შვეიცარიელი ჩოგბურთელი, როჯერ ფედერერი, რომელიც უკვე ათწლეულზე მეტია NIKE-ის ერთ-ერთი მთავარი სახეა, კომპანიასთან კონტრაქტის გაწყვეტას გეგმავს. აღნიშნულ ცნობას ბრიტანული გამოცემები ავრცელებენ.

ფედერერსა და NIKE-ს შორის ბოლო კონტრაქტი 2008 წელს გაფორმდა, რომლის ღირებულებაც წლიურად 10 მილიონი დოლარი გახლდათ. ხელშეკრულებას ვადა მიმდინარე წლის მარტში გაუვიდა, ახლა კი ფედერერს ახალი და ბევრად სარფიანი შეთავაზება აქვს.

36 წლის ვარსკვლავს, ტანსაცმლის მწარმოებელი იაპონური კომპანია Uniqlo ასევე 10 წლიან კონტრაქტს სთავაზობს, რომლის ღირებულებაც 300 მილიონი დოლარი იქნება. 

რამდენიმე ბრიტანული გამოცემა, მათ შორის The Sun და ამერიკული საიტი tennisworldusa წერს, რომ ფედერერმა და Uniqlo-ს ხელმძღვანელებმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს და "მაესტრო" მოახლოებულ "უიმბდონდზე" სწორედ ამ კომპანიის ეკიპირებით იასპარეზებს.

პრობლემა ისაა, რომ Uniqlo ფეხსაცმელს არ აწარმოებს და ჯერჯერობით უცნობია, როჯერი რომელი ფირმის სპორტულ ფეხსაცმელს მოირგებს.

Uniqlo 1949 წელს დაარსდა და საჩოგბურთო კუთხით ბოლო წლებში გააქტიურდა. 2012-17 წლებში მისი სახე ნოვაკ ჯოკოვიჩი გახლდათ. ამჟამად კი კომპანიას ჩოგბურთის კიდევ ერთი ვარსკვლავი, იაპონელი, კეი ნიშიკორი აპიარებს.

როჯერ ფედერერმა NIKE-სთან პირველი კონტრაქტი 1994 წელს გააფორმა და წლების მანძილზე კომპანიის უცვლელი სახე იყო. მათ ერთობლივი ლოგო - RF შექმნეს, რომლის უფლებებიც ამერიკულ კომპანიას ეკუთვნის, თუმცა იაპონური მხარე აპირებს, რომ ლოგო გამოისყიდოს.

სათქმელია ისიც, რომ ჩოგბურთის კიდევ ერთ სუპერვარსკვლავ რაფაელ ნადალს NIKE-სთან 5 წლიანი კონტრაქტი მიმდინარე წლის ბოლოს ეწურება.

"მხიარული როჯერი" მიმდინარე კვირიდან შტუტგარტის ტურნირზე იასპარეზებს და ვარაუდობენ, რომ იგი კვლავაც NIKE-ს ეკიპირებით ითამაშებს, რადგან Uniqlo-ს ფორმა ჯერ კიდევ მზადების პროცესშია.

როჯერი ბალახის სეზონს სწორედ შტუტგარტში გახსნის, სადაც არცთუ მაინცდამაინც ძლიერი შემადგენლობაა შეკრებილი. საგულისხმოა, რომ ფედერერს ეს ტურნირი არასდროს მოუგია და ახლა ამის კარგი შანსი ექნება. თუკი სენსაციები არ მოხდა, ფედერერის სავარაუდო განრიგი ასე გამოიყურება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები