Aa
Aa

აიღო და გადადგა! - ტოჩინოშინის მე-9 გამარჯვება "ნაცუ ბაშოზე"!

ქართველი სუმოისტი, ლევან გორგაძე მაისის "ნაცუ ბაშოზე" გამოსვლას აგრძელებს და გათამაშების მე-9 დღეს დაიეიშოს დაუპირისპირდა.

დაიეიშო რანგით მე-3 მაეგაშირაა, მიმდინარე ბაშოზე კი 2 მოგება და 6 წაგება ჰქონდა. სუმოისტები ერთმანეთს მეოთხედ ხვდებოდნენ - 2-ჯერ ტოჩინოშინმა იმარჯვა, ერთხელ გამარჯვება დაიეიშოს დარჩა. იაპონელი სუმოისტი 24 წლისაა, მისი სიმაღლე 181 სმ.-ია, წონა კი - 162 კგ.

გორგაძემ მეტოქეს იოლად აჯობა და იგი დოჰიოდან ლამის ხელში აყვანილი გადაიყვანა. აღსანიშნავია, რომ დაიეიშოსთან არსებულ სიმაღლისა და წონის უპირატესობას, ტოჩინოშინი კარგად იყენებს და წინა 2 გამარჯვების მსგავსად, მე-3 ურთიერთშეხვედრაც იორიკირით მოიგო.

ჩვენებურმა "ნაცუ ბაშოზე" ზედიზედ მე-9 ორთაბრძოლა მოიგო და ბალანსი 9:0-ზე გაუხდა, რითაც მიმდინარე გათამაშების ერთპიროვნული ლიდერია. იოკუძუნა ჰაკუჰოსა და იუკუძუნა კაკურიუს 8-8 მოგება აქვთ და ისინი საჩემპიონო რბოლაში ქართველის მთავარი კონკურენტები არიან.

ტოჩინოშინი მომდევნო ორთაბრძოლას ჩიუოტაირიუსთან გამართავს, რომელიც წოდებით მე-4 მაეგაშირაა და "ნაცუ ბაშოზე" მოგება-წაგებათა ბალანსი 4:5-ზე აქვს. ქართველი მას 5-ჯერ შეხვდა და 3-ჯერ დაამარცხა.

ცხელი ამბები