Aa
Aa

NBA-ის ფლეი-ოფების პირველი რაუნდის მიმოხილვა

ბოსტონო - მილოუკი 92 - 87

გამთენიისას საკალათბურთო ასოციაციაში 3 საფლეიოფო შეხვედრა გაიმართა, ტური ბოსტონში გაიხსნა, სადაც „სელტიკსმა“ „მილოუკი“ დაამარცხა და სერიაში დაკარგული უპირატესობა დაიბრუნა.

შეხვედრა საკმაოდ დაბალშედეგიანი გამოდგა და „კელტების“ 5 ქულიანი გამარჯვებით 92-87 დასრულდა. „ბოსტონმა“ მატჩი კარგად დაიწყო და პირველი ტაიმი 11 ქულიანი სხვაობით  მოიგო. „ბაქსმა“ მეოთხე მეოთხედში შეხვედრაში დაბრუნება სცადა, თუმცა „ბოსტონმა“ მოპოვებული უპირატესობა ხელიდან არ გაუშვა და მნიშვნელოვან შეხვედრაში იმარჯვა.

„სელტიკსს“ 22 ქულითა და 14 მოხსნით ალ ჰორფორდმა ულიდერა. ტერი როზიერმა აქტივში 16 ქულა ჩაიწერა, ხოლო ჯეილენ ბრაუნმა მატჩი 14 ქულით დაასრულა.

„ბაქსის“ მხრიდან 23 ქულით კრის მიდლტონი გამოირჩა, იანის ანტეტეკოუნმპომ გუნდს 16 ქულა, 10 მოხსნა და 9 გადაცემა შესძინა. სათადარიგო სკამიდან შემოსულმა ჯაბარი პარკერმა კი თავი 17 ქულას მოუყარა.

სერიაში ანგარიში 3-2-ია და შემდეგი შეხვედრა 27 აპრილს მილოუკიში გაიმართება.

 

ფილადელფია - მაიამი 104 – 91

„ფილადელფია“ აღმოსავლეთ კონფერენციის ფლეი-ოფის მეორე რაუნდის პირველი მონაწილე გახდა. „სევენთი სიქსერსმა“ ზედიზედ მესამედ „მაიამი ჰიტი“ დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე „ბოსტონისა“ და „მილოუკის“ გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

„სიქსერსმა“ გადამწყვეტი უპირატესობა მესამე მეოთხედში მოიპოვა და აღნიშნული მონაკვეთი 14 ქულიანი სხვაობით მოიგო.

„ფილას“ 27 ქულით ჯეი ჯეი რედიკმა ულიდერა. ჯოელ ემბიდმა აქტივში 19 ქულა და 12 მოხსნა ჩაიწერა. ბენ სიმონსმა შეხვედრა 14 ქულით და 10 მოხსნით დაასრულა. სათადარიგო სკამიდან შემოსულმა მარკო ბელინელიმ კი გუნდს 11 ქულა შესძინა.

„მაიამის“ მხრიდან 18 ქულით კელი ოლინიკი გამოირჩა, გორან დრაგიჩმა თავი 15 ქულას მოუყარა, ხოლო ჯასტის ვინსლოუმ გუნდს 12 ქულა შესძინა.

 

გოლდენ სტეიტი - სან ანტონიო 99 – 91

დასავლეთ კონფერენციაში მეორე რაუნდის საგზური „გოლდენ სტეიტმა“ მოიპოვა. „მეომრებმა“ საკუთარ მოედანზე „სან ანტონიო“ დამაჯერებლად დაამარცხეს.

შეხვედრა საკმაოდ დაბალშედეგიანი გამოდგა და 100 ქულიანი ნიშნულის გადალახვა ვერცერთმა გუნდმა მოახერხა. მეოთხე მეოთხედში „სპურსი“ 12 ქულას აგებდა, მაგრამ ტეხასელებმა ბოლომდე იბრძოლეს და მატჩის დასრულებამდე 40 წამით ადრე სხვაობა 2 ქულამდე დაიყვანეს, თუმცა „სან ანტონიომ“ წინ გასვლა ვერ მოახერხა და საბოლოოდ 99-91 დამარცხდა.

„გოლდენ სტეიტს“ 25 ქულით კევინ დურანტმა ულიდერა, კლეი ტომპსონმა თავი 24 ქულას მოუყარა. დრეიმონდ გრინმა კი შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა და მატჩი 17 ქულით, 19 მოხსნით და 7 გადაცემით დაასრულა.

„სპურსის“ მხრიდან 30 ქულითა და 12 მოხსნით ლამარკუს ოლდრიჯი გამოირჩა. პეტი მილსმა გუნდს 18 ქულა შესძინა, ხოლო ლეგენდარულმა არგენტინელმა, მანუ ჯინობილიმ აქტივში 10 ქულა, 5 მოხსნა და 7 გადაცემა ჩაიწერა.

„გოლდენ სტეიტი“ შემდეგ რაუნდში „ნიუ ორლეან პელიკანსს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები