ნადალი მონტე კარლოში მე-11 ტიტულისკენ მიიწევს
Aa
Aa

ნადალი მონტე კარლოში მე-11 ტიტულისკენ მიიწევს

მონტე კარლოში მიმდინარე მასტერსის სერიის საჩოგბურთო ტურნირზე, ფავორიტები წარმატებულ სვლას აგრძელებენ.

ამ ტურნირის 10 გზის გამარჯვებულმა, რაფაელ ნადალმა სლოვენიელ ალიაჟ ბედენეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო და 6:1; 6:3-ზე გაანადგურა, რითაც მომდევნო წრეში რუს კარენ ხაჩანოვზე გავიდა.

წარმატების მიღწევა შედარებით გაუჭირდა ნოვაკ ჯოკოვიჩს, რომლის მეტოქეც ნიჭიერი ხორვატი ბორნა ჩორიჩი გახლდათ. „ნოლე“ პირველ სეტს ბრეიკით იგებდა, თუმცა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და სეტის დახურვა ტაიბრეიკზე მოუწია, სადაც საკმაოდ იოლად 7:2 იმარჯვა.

საინტერესო განვითარება ჰქონდა შეხვედრის მეორე პარტიას, რომლის ბოლო ნაწილშიც ჯოკოვიჩმა ორმაგი მატჩ-პოინტი მეტოქის ჩაწოდებაზე მოიპოვა, მაგრამ შედეგს ვერ მიაღია, შემდეგ კი საკუთარ მოწოდებას 40:0 იგებდა, თუმცა ჯამში 9 მატჩ-პოინტი ვერ გამოიყენა და ჩაწოდების წაგებით სეტში ანგარიში 5:5 გახდა.

საბოლოოდ ისევ ნოვაკმა მოუმატა და მე-10 მატჩ-ბოლზე თამაში 7:6; 7:5-ზე დახურა და შემდეგ რაუნდში მსოფლიოს მე-7 ჩოგან დომინიკ ტიმს შეხვდება.

დღის კიდევ ერთი გამორჩეული შეხვედრა ფერნანდო ვერდასკოსა და მარინ ჩილიჩს შორის ჩატარდა. გამარჯვება 2 სეტში ხორვატს დარჩა, რომელმაც პირველი პარტია ერთი ბრეიკით, ხოლო მეორე ტაიბრეიკზე აიღო - 6:3; 7:6. ჩილიჩის მომდევნო მოწინააღმდეგე კანადელი მილოშ რაონიჩი იქნება.

დღეს 1/8 ფინალური ეტაპის ყველა, რვავე შეხვედრაა დაგეგმილი, რომელთა შორისაც ნახსენებ მატჩთა გარდა, დიმიტროვი-კოლშრაიბერისა და ბაუტისტა აგუტი-გოფინის შეხვედრები უნდა გამოვარჩიოთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები