1990-იანი წლების
Aa
Aa

1990-იანი წლების "სერია ა"-ს 20 საუკეთესო ფეხბურთელი

20) რუი კოშტა

რუი კოშტა „სერია ა“-ში 1994 წელს „ბენფიკადან“ გადავიდა და მაშინვე ]„ფიორენტინას“ შეტევის ხაზის ერთ-ერთი ლიდერად იქაცა. პორტუგალიელს ძლიერი დარტყმა, შესანიშნავი დრიბლინგი და საოცარი მოედნის ხედვა ჰქონდა. კოშტა-ბატისტუტას დუეტი კი მოწინააღმდეგე გუნდის ნომერი პირველი პრობლემა იყო.

„იების“ შემადგენლობაში კოშტამ იტალიის  თასი და ქვეყნის სუპერთასი მოიგო. 1999 წელს კი, როდესაც „ვიოლამ“ სეზონი მე-3 ადგილზე დაასრულა, 14 გოლი გაიტანა, რაც ნახევარმცველისთვის საკმაოდ სოლიდური მაჩვენებლია.

19) ჯანლუკა ვიალი

ჯანლუკა ვიალიმ კარიერის დიდი ნაწილი იტალიაში გაატარა. მან „სამპდორიას“ შემადგენლობაში 1991 წელს „სკუდეტო“ მოიგო. ერთი წლის შემდეგ კი „სამპა“ "ჩემპიონთა თასის" ფინალში გაიყვანა, რომელშიც იტალიელები „ბარსელონასთან’ დამარცხდნენ.

ჯანლუკას ხასიათი და შრომისმოყვარეობა, იტალიურ გრანდებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. 1992 წელს ვიალი „იუვეში“ გადავიდა და მარჩელო ლიპისეული „ბებერი ქალბატონის“ სიმბოლო გახდა. 

ზოგადად, ვიალი სტაბილური თავდამსხმელი არასდროს ყოფილა. მან „ბიანკონერის“ რიგებში 1996 წელს "ჩემპიონთა ლიგა" მოიგო.

18) ჩირო ფერარა

ჩირო ფერარამ კარიერა „ნაპოლიში“ დაიწყო და მშობლიურ გუნდთან ერთად იტალიის ჩემპიონი და „უეფას თასის“ მფლობელი გახდა. ჩირო ნეაპოლიდან „იუვენტუსში“ გადავიდა და „ბებერი ქალბატონის“ დაცვის ერთ-ერთ ქვაკუთხედად მოგვევლინა. 

ფერარა იმ უნიკალური ფეხბურთელთა სიას ეკუთნის, რომლებმაც „სერია ა“-ს თავდაცვითი სისტემების ტრანსფორმაციას გაუძლო და ერთი-ერთზე მეურვეობიდან ზონურ დაცვაზე უპრობლემოდ გადავიდა. როცა საჭირო იყო, ჩირო მეტოქე გუნდის შემტევების მიმართ აგრესიულ თამაშსაც არ ერიდებოდა.

17) ჯუზეპე ბერგომი

ბერგომი 1982 წელს იტალიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა. 18 წლის ჯუზეპეს ულვაში ამშვენებდა და ისე ასაკოვნად გამოიყურებოდა, რომ ჟურნალისტებმა მას ზედმეტსახელად „ბიძა“ შეარქვეს.

იტალიელმა მცველმა მთელი თავისი კარიერა „ინტერში“ გაატარა. და „ნერაძურის“ რიგებში „სერია ა“-ს ჩემპიონი და „უეფას თასის“ მფლობელი გახდა.

ბერგომი 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც ვიხილეთ, როცა მან ტრამვირებული ჩირო ფერარა ჩაანაცვლა. ჯუზეპემ მუნდიალზე მხოლოდ სამი შეხვედრა ჩაატარა.

16) ჯანფრანკო ძოლა

ჯანფრანკო ძოლა იმ იღბლიან ფეხბურთელებს მიეკუთნება, რომლებსაც მარადონას გვერდით თამაში მოუწიათ. ლეგენდარული არგენტინელის საფეხბურთო კარიერის მიწურულს, ძოლამ „ნაპოლის“ ფლეიმეიქერის როლი საკუთარ თავზე აიღო.

1991 წელს „პიზასთან“ გამართულ მატჩში კი „ელ დიეგომ“ საკუთარი 10 ნომრიანი მაისურიც ძოლას გადაულოცა.

ნეაპოლელთათვის სამწუხაროდ, ფინანსური პრობლემების გამო, გუნდმა ისეთი ფეხბურთელები გაუშვა, როგორებიც ძოლა, ჩირო ფერარა და ფაბიო კანავარო იყვნენ. 

„პატარა მოცეკვავე“ „პარმას“ რიგებში აღმოჩნდა და 1993 წელს „უეფას სუპერ თასი“ და 1995 წელს „უეფას თასი“ მოიგო. 

1996 წელს ძოლა ინგლისში, „ჩელსიში“ აღმოჩნდა, რომლის ფორმითაც 229 შეხვედრა ჩაატარა და 59 გოლი გაიტანა.

15) ზვონიმირ ბობანი

„მოაზროვნე“ ხორვატიული ფეხბურთის ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკლავია. იგი მშობლიურ ქვეყანაში სამოქალაქო ომს მოესწრო და „სერია ა“-ს „ზეწოლა“ მისთვის არანაირი პრობლემა არ ყოფილა. 

ბობანი ტიპიური10 ნომერი იყო, რომელიც მოედნის გარეთაც ბევრ სოციალურ პრობლემაზე საუბრობდა.

„ზორრომ“ იტალიის ჩემპიონატი 4-ჯერ მოიგო და მისმა საფეხბურთო ნიჭმა ისეთი მწვრთნელები აღაფრთოვანა, როგორიც ფაბიო კაპელო და არიგო საკი იყვნენ. 

14) ხუან სებასტიან ვერონი

დაივიწყეთ ვერონის ინგლისური ისტორიები. მისი საუკეთესო წლები „სერია ა“-ს გუნდებს - „სამპდორიას“, „პარმასა“ და „ლაციოს“ უკავშირდება. არგენტინელს ყველაფერი ჰქონდა, რაც იდეალურ ნახევარმცველს სჭირდებოდა.

„პატარა ჯადოქარს“ (მამამისი, ხუან რამონი საკმაოდ ცნობილი ფეხბურთელი იყო და ზედმეტსახელად „ჯადოქარი“ ჰქონდა) ცენტრალური ნახევარმცველებისგან მიღებული პასით დრიბლინგის დაწყება და მეტოქის კართან სახიფათო სიტუაციის შექმნა შეეძლო.

13) ერნან კრესპო

არგენტინელი თავდამსხმელს ნამდვილად მომადლებული ჰქონდა ის თვისებები, რომლებიც იმ პერიოდის ცენტრფორვარდისთვის საჭირო იყო. მიუხედავად იმისა, რომ 90-იანი წლები გაბრიელ ბატისტუტას ზეობის ხანა გახლდათ, მას დიდად არც კრესპო ჩამორჩებოდა.

ერნანმა 90-იანების მეორე ნახევარი „პარმაში“ გაატარა და 1999 წლის „უეფას თასი" მოიგო.

„ერნანიტოს“ საფეხბურთო ინტელექტი და გოლის გატანის ალღო „სერია ა“-ს იდეალურად მოერგო. კრესპოს ძლიერი დარტყმა და მეორე სართულზე ბრძოლის უნარი, იტალიური გუნდების მცველებს ნამდვილ ჯოჯოხეთს უქმნიდა.

აღსანიშნავია, რომ არგენტინელს ადაპტაციის უნიკალური უნარი გააჩნდა და საკუთარი სტილი რამდენჯერმე შეცვალა.

12) ფაბიო კანავარო

ფაბიო კანავარო კარიერა „ნაპოლიში“ არცთუ კარგად დაიწყო, გუნდში თამაშის ნაცვლად, იგი ახალგაზრდულ ასაკში ბურთის მომტანის ფუნქციებს ასრულებდა და საკუთარ კუმირების - მარადონასა და ფერარას თამაშით ტკბებოდა.

საწყის ეტაპზე მისი სიმაღლის შემხედვარე, არ არსებობდა პიროვნება, რომელიც კანავაროს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მცველად წარმოიდგენდა. თუმცა ყველაფერი მალევე შეიცვალა, ფაბიომსიმაღლეში მოულოდნელად გაიზარდა და ლილიან ტურამთან ერთად, „პარმას“ ყველა დროის საუკეთესო დაცვის ხაზიც ჩამოაყალიბა.

მართალია, შეტევისას იგი ბურთთან კონტაქტს ხშირად ერიდებოდა, მაგრამ დაცვაში მოწინააღმდეგე თავდამსხმელებს მასთან მისვლას მუდამ ასწრებდა.

11) ალესანდრო ნესტა

რომში დაბადებული ნესტა საკუთარი ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე, მოედანზე სუპერგმირივით გამოიყურებოდა, ერთადერთი, რაც მას აკლდა, კოსტიუმი იყო.

კარიერის დასაწყისში, ალესანდრო განაპირა მცველის პოზიციაზე თამაშობდა, მისი „ლაციოში“ დებიუტი 17 წლის ასაკში შედგა. "სანდროს" თამაშის სტილი კი ფრანც ბეკენბაუერს მოგაგონებდათ. 

ნესტამ საყოველთაო "პოპულარობა"1994 წელს მოიპოვა, როდესაც ინგლისის ნაკრების ლიდერს - პოლ გასკოინს, მასთან კონტაქტისას ფეხი მოტყდა.

10) ჯანლუიჯი ბუფონი

ლეგენდარული კიპერის დებიუტი, „პარმაში“ 1995 წელს შედგა, როდესაც „პარმეზანელების“ მეკარე ლუკა ბუჩიმ „მილანთან“ მატჩი ტრამვის გამო გამოტოვა. სუსტმა თინეიჯერმა კარი მშრალად შეინახა და „პარმას“ ქულის აღებაში დიდი დახმარება გაუწია.

მატჩის შემდეგ ფაბიო კაპელომ განაცხადა: „ბუფონი მათი საუკეთესო მოთამაშე იყო. იშვიათია სადმე 17 წლის ასეთი მოტივირებული და მამაცი ახალგაზრდა ნახო“. 

ბუფონის იტალიის ნაკრებში დებიუტი 18 წლის ასაკში შედგა. 90-იან წლებში ლეგენდარულმა კიპერმა „უეფას თასი“ და იტალიის თასი მოიგო.

9) მარსელ დესაი

1993 წელს, მარსელ დესაი და რომარიო სატრანსფერო ბაზრის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაწილეები იყვნენ. „ბარსელონამ“, რომელსაც მაშინ იოჰან კრუიფი წვრთნიდა, რომარიო შეიძინა, „მილანმა“ კი დესაი გადაიბირა. კრუიფმა ამ ამბის გაგების შემდეგ, დაცვაზე ორიენტირებულ იტალიურ ფეხბურთს დასცინა.

თუმცა "ჩემპიონთა ლიგის" 1994 წლის ფინალში გამარჯვება „მილანს“ დარჩა, თანაც იტალიელებმა ფავორიტად შერაცხულ "ბარსას" 4:0 მოუგეს, ბედის ირონიით კი ერთ-ერთი გოლი სწორედ დესაიმ გაიტანა.

დაცვის ნაცვლად, „როსონერი“ დესაის ნახევარდაცვაში იყენებდა და მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო დაცვის ხაზის წინ, დაცვითი ფუნქციების იდეალურად შემსრულებელი მარსელი მოგვევლინა. როგორც მაშინდელი პრესა იტყობინებოდა, „მილანის“ ამ ფორმაციის დაცვა სეიფი იყო, ხოლო დესაი მის წინ აღმართული კედელი.

ფრანგმა „როსონერის“ შემადგენლობაში „სერია ა“ ორჯერ მოიგო, და  ხსენებულ 1994 წელს "ჩემპიონთა ლიგის" ტიტულსაც დაეუფლა.

8) ლილიან ტურამი

ტურამი 1999 წლის „პარმას“ წარმატების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი იყო. ფრანგი, როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ ნამდვილი მისაბაძი მაგალითი გახლდათ. ლილიანი თვლიდა, რომ ჯარიმები მისთვის არ იყო და პროვოკაციებსა და სიმულაციებს სხვა ფეხბურთელებს უტოვებდა.

ტურამი მოედნის გარეთ, ადამიანის უფლებებისთვის იბრძოდა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ გამართულ აქციებში მონაწილეობდა.

7) გაბრიელ ბატისტუტა

ერთხელ მარადონამ თქვა: “ბატიგოლი" ნამდვილი ცხოველია, მადლობა ღმერთს, რომ იგი არგენტინელი ცხოველია!

გრძელთმიანი თავდამსხმელი მოედანზე ყველა მოწინააღმდეგე გუნდს სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა. მისი შეჩერება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო და როგორც სვენ გორან ერიქსონი აცხადებდა, ბატისტუტა გრანიტისგან იყო შექმნილი.

90-იან წლებში ბატისტუტა „ფიორენტინას“ სიხარული და სიამაყე იყო. 1993 წელს, მას გუნდი მეორე დივიზიონში დაქვეითების შემდეგაც არ დაუტოვებია. „იების“ ქომაგებმა არგენტინელის ქანდაკებაც კი დაამზადეს, მაგრამ მისი „რომაში“ გადასვლისთანავე დაამტვრიეს.

6) ალესანდრო დელ პიერო 

ისტორიაში ორი დელ პიერო იყო. ერთი, რომელიც 1994-დან 1998 წლამდე საოცარ ფეხბურთს აჩვენებდა და მეორე, რომელიც 1998-ის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონი გახდა და იტალიის ჩემპიონატი სამჯერ მოიგო.

1998 წლის 8 ნოემბერს ლეგენდარულმა იტალიელმა ტრამვა მიიღო, რომელმაც მის კარიერაზე დიდი გავლენა მოახდინა. სარეაბილიტაციო პერიოდის დასრულების შემდეგ, ალესანდრო გაცილებით ნელ და ნაკლებად მობილურ ფეხბურთს თამაშობდა, თუმცა საფეხბურთო კლასი და ელეგანტურობა "პინტურიკიოს" ყოველ მოძრაობაში შეიმჩნეოდა.

5) ზინედინ ზიდანი

1995 წელს „იუვე“ რობერტო ბაჯომ დატოვა, რის შედეგადაც, იტალიურმა გრანდმა შეტევაში კრეატიულობა დაკარგა. გამოსავალი კლუბის ყოფილმა ფეხბურთელმა, მიშელ პლატინიმ მონახა, რომელმაც „ბებერი ქალბატონის“ მესვეურებს „ბორდოდან“ ზინედინ ზიდანის ყიდვა შესთავაზა.

წარუმატებელი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ზიდანმა თავი "ვეკია სინიორაში" იპოვა. ბევრი საფეხბურთო ექსპერტი თვლის, რომ „ზიზუ“ „იუვეში“ გაცილებით კარგი ფეხბურთელი იყო, ვიდრე „რეალში“.

4) ფრანკო ბარეზი

იტალიური ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი, ათლეტურობითა და ფიზიკური სიძლიერით ნამდვილად არ გამოირჩეოდა, თუმცა ბარეზი ამ ყველაფრის კომპენსირებას უნიკალური საფეხბურთო ინტელექტით ახდენდა. მას ნახევარმცველის ფუნქციების შეთავსებაც შეეძლო და გარკვეულწილად „ლიბეროსაც“ მოგვაგონებდა.

ლეგენდარულმა კაპიტანმა „მილანთან“ ერთად 6-ჯერ იტალიის ჩემპიონატი, 3-ჯერ "ჩემპიონთა თასი/ლიგა", 2-ჯერ "უეფას სუპერ თასი, 2-ჯერ საკონინენტთაშორისო თასი და 4-ჯერ იტალიის სუპერ თასი მოიგო. ფრანკოს ლეგენდა კი 1994 წელს დაიბადა. „ფრანჩინომ“ ჯგუფურ ეტაპზე სერიოზული ტრამვა მიიღო, თუმცა გუნდს რეკორდულ დროში, 23 დღეში დაუბრუნდა და მუნდიალის ფინალის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.

3) პაოლო მალდინი

ნამდვილად საოცარი მცველი უნდა იყო, სიაში ბარეზიზე უკეთეს ადგილზე რომ მოხვდე. პაოლო სწორედ ასეთი იყო, იტალიური ფეხბურთის ოქროს ბიჭუნა, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველი, უწოდეთ რაც გსურთ, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ მის მსგავს მოთამაშეს ვეღარასდროს ვიხილავთ.

მალდინიმ კარიერა მარცხენა მცველის პოზიციაზე დაიწყო და ნელ-ნელა ცენტრალური მცველის ადგილას გადაინაცვლა. პაოლოს განსაკუთრებით მაშინ გაუჭირდა, როდესაც 1997 წელს ფრანკო ბარეზიმ კარიერა დაასრულა. თუმცა მალდინიმ პრობლემური პერიოდი მალევე გადალახა და ჩვეულ ფორმას დაუბრუნდა.

2) რობერტო ბაჯო

რობერტო ბაჯო 90-იანების ლეგენდაა. იგი „იუვენტუსში“ ყველაფერს აკეთებდა. გუნდში ჩატარებული ხუთი სეზონიდან ოთხში ყველაზე მეტი გოლი სწორედ მან გაიტანა. რობერტო ტიპური 10-იანის პოზიციაზე თამაშობდა, თუმცა მისი სტატისტიკური მონაცემები გაფიქრებინებდათ, რომ ცენტრალური თავდამსხმელი იყო.

„ბებერი ქალბატონის“ გარდა, ბაჯომ „ინტერსა“ და „მილანში“ გაიბრწყინა, სამჯერ მოხვდა მუნდიალზე და სამჯერვე თავისი უნიკალურობა დაამტკიცა.

რობერტო ბაჯო და ტრავმები... ამ უნიჭიერეს ფეხბურთელს წმინდა საფეხბურთო თვისებების გარდა, უაღრესად მებრძოლი სული ჰქონდა. მუდამ ტრავმებით გაწამებული, მოედანზე ახალი ენთუზიაზმით გამოდიოდა, ალბათ, ამდენს იმიტომ გაუძლო, რომ ფეხბურთი განსაკუთრებულად უყვარდა. 

"საკმაოდ იღბლიანი ვარ, რადგან ბევრ დიად ფეხბურთელთან ერთად მითამაშია, თუმცა მრავალი კუთხით, ყველასგან გამორჩეული და განსაკუთრებული ბაჯო იყო. მითამაშია ლაუდრუპთან, რონალდოსთან, კუმანთან, რომარიოსთან, სტოიჩკოვთან და სხვებთან ერთად, მაგრამ ბაჯოსნაირი არავინ მინახავს". - ეს პეპ გუარდიოლას სიტყვებია, რომელიც "რობისთან" ერთად კარიერის ბოლოს "ბრეშაში" ასპარეზობდა.

1) რონალდო

რონალდომ „ინტერის“ შემადგენლობაში მხოლოდ 5 წელი ითამაშა, თუმცა ეს დრო აბსოლუტურად საკმარისი აღმოჩნდა, საუკეთესოს სტატუსი დაემსახურებინა. „ფენომენი“ „ნერაძურიში“ „ბარსადან“ გადავიდა და გოლების 85% პირველ 2 წელიწადში გაიტანა. 

კლუბის პრეზიდენტი, მასიმო მორატი მისი დიდი გულშემატკივარი იყო და მიუხედავად მრჩეველების კატეგორიული მოთხოვნისა, ბატისტუტას მაინც რონალდო არჩია.

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა თავი უნიკალური ტექნიკითა და გოლის ალღოთი დაგვამახსოვრა. არაფერი რომ არ ვთქვათ  იმ მომენტებზე, როდესაც „კიჭა“ მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მცველებს - ნესტასა და მალდინის ბავშვებივით ატყუებდა.

 

ცხელი ამბები