ფედერერმა რეიტინგის ლიდერობა შეინარჩუნა, კერბერი გაანადგურეს
Aa
Aa

ფედერერმა რეიტინგის ლიდერობა შეინარჩუნა, კერბერი გაანადგურეს

უკვე გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ როჯერ ფედერერი მომავალი კვირიდანაც მსოფლიოს პირველი ჩოგანი იქნება.

ლეგენდარულმა შვეიცარიელმა, ინდიან უელსის მასტერსის 1/4 ფინალურ შეხვედრაში სამხრეთ კორეელ ჰიონ-ჩუნს 2 სეტში მოუგო და ტიტულის დასაცავად ბრძოლას აგრძელებს.

ფედერერი პირველ სეტში ბრეიკით დაწინაურდა, თუმცა ჩუნმა წონასწორობა აღადგინა და საქმე მე-12 გეიმამდე მივიდა, სადაც ფედერერმა მოუმატა და სეტი 7:5-ზე დახურა. მეორე პარტიაში მისი უპირატესობა აშკარა იყო და საქმის გამარჯვებამდე მიყვანა აღარ გასჭირვებია - 7:5, 6:1.

რიგით მეორე 1/4 ფინალურ დაპირისპირებაში ხორვატი ბორნა ჩორიჩი და სამხრეთ აფრიკელი კევინ ანდერსონი ხვდებოდნენ.

თამაშის ბედი 3 სეტში გადაწყდა და საბოლოოდ უფრო ძლიერი ჩორიჩი აღმოჩნდა, რომელმაც მე-3 სეტი ტაიბრეიკზე აიღო - 2:6, 6:4, 7:6.

ჩორიჩი ტურნირის 1/2 ფინალში ფედერერს შეხვდება, ხოლო მეორე ნახევარფინალურ წყვილს დღევანდელი მატჩების შემდეგ მივიღებთ - სემ ქუერის მეტოქე მილოშ რაონიჩი იქნება, ხოლო ხუან მარტინ დელ პოტრო ფილიპ კოლშრაიბერს შეხვდება.

ქალთა შორის მეორე 1/2 ფინალური წყვილი დარია კასატკინამ და ვენუს უილიამსმა შეადგინეს, რომელთაც თავიანთი მატჩები ძალიან იოლად მოიგეს.

კასატკინა სენსაციის ავტორი გახდა და ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ ანგელიკ კერბერს, 58 წუთში, 6:0, 6:2-ზე გადაურბინა.

უილიამსმა ესპანელი კარლა სუარეს ნავაროს წინააღმდეგობა 6:3, 6:2-ზე დაძლია.

ორივე 1/2 ფინალური შეხვედრა ხვალ გამთენიისას გაიმართება - თბილისის დროით დილის 6 საათზე, კორტზე კასატკინა და უილიამსი გამოვლენ, ხოლო მათი შეხვედრის შემდეგ სიმონა ჰალეპი და ნაომი ოსაკა ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები