ყველაფერი, რაც გუშინ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოგრჩათ
Aa
Aa

ყველაფერი, რაც გუშინ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოგრჩათ

წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე ბოლო წუთებზე გატანილი ბევრი გოლი და ვიდეო რეფერის შეცვლილი გადაწყვეტილებები ვიხილეთ. გამონაკლისი არც გუშინდელი დღე ყოფილა. ბრაზილიას პენალტი გაუუქმეს და „სელესაომ“ გოლის გატანა მხოლოდ ბოლო წუთებზე მოახერხა. ისლანდიის ნაკრებს მსაჯმა თერთმეტმეტრიანი ვიდეოგამეორების შემდეგ დაუნიშნა, ხოლო შვეიცარიამ გადამწყვეტი გოლი 90-ე წუთზე შეაგდო.

ნეიმარს მოაკეტინეს

მსაჯები ხშირად ნეიმარის მსგავსი რეპუტაციის და ვარსკლავური სტატუსი მქონე ფეხბურთელების ზეგავლენის ქვეშ ექცევიან და მათ სასარგებლოდ „ცდებიან“. გუშინდელი შეხვედრის არბიტრი, ბიორნ კუიპერსი გამონაკლისი აღმოჩნდა. ნეიმარი მატჩის მიმდინარეობისას რამდენჯერმე წააქციეს და ერთ-ერთი ასეთი ინციდენტის შემდეგ იგი ჰოლანდიელ არბიტრთან მივიდა და კამათი დაიწყო. კუიპერსმა მის „წუწუნს“ ყურადღება არ მიაქცია, გაჩუმებისკენ კატეგორიულად მოუწოდა და ერთ-ერთი ჟესტით მიანიშნა, რომ ძალიან ბევრს "წუწუნებდა".

ედერსონი VS ტიტე

გუშინდელი დღე ბრაზილიისთვის საკმაოდ რთული გამოდგა. „სელესაომ“ კოსტა-რიკის წინააღმდეგობის გატეხვა ბოლო წუთებზე მოახერხა და კიდევ ერთ წარუმატებლობას ბეწვზე გადაურჩა. ბრაზილიელების გოლმა გულშემატკივრები ძალიან გაახარა და ნაკლები ემოციები არც სათადარიგო სკამზე მყოფ ფეხბურთელებს ჰქონდათ. განსაკუთრებით ედერსონი გამოირჩა, რომელმაც აღნიშვნისას ტიტეს ხელი ჰკრა და წააქცია.

შაჩირის პოლიტიკური „განცხადება“

შაჩირი შვეიცარიის ნაკრებში ასპარეზობს, თუმცა კოსოვოშია დაბადებული და ამ ქვეყნისადმი უდიდესი სიყვარულითაა განწყობილი. „სტოკის“ მოთამაშეს ერთ ბუცზე შვეიცარიის, ხოლო მეორეს კოსოვოს დროშა აქვს გამოსახული. სერბეთსა და კოსოვოს შორის არსებული დაძაბულობა ყველასთვის კარგადაა ცნობილი, მიუხედავად ამისა, შერდანმა ბუცების შეცვლაზე უარი განაცხადა და სერბეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ კოსოვოს დროშით გამოვიდა. შაქირის გადაწყვეტილებას წინა კვირას სერბების თავდამსხმელი, მიტროვიჩი გამოეხმაურა და განაცხადა:“თუ მას კოსოვი ასე ძალიან უყვარს და მისი დროშის ტარებით ამაყობს, კოსოვოს საფეხბურთო ნაკრებში თამაშზე უარი რატომ განაცხადა“?

შაჩირის და ჯაკას პროვოკაციული აღნიშვნა

შაჩირის პოლიტიკური საგა ბუცზე გამოსახული კოსოვოს დროშით არ დასრულებულა. შერდანს ალბანური ფესვები აქვს და გამარჯვების მომტანი გოლის გატანის შემდეგ ხელებით ქვეყნის დროშაზე გამოსახული ნაციონალური სიმბოლო, „ორთავიანი არწივი“ განასახიერა. იგივე, ასევე ალბანური ფესვების მქონე, გრანიტ ჯაკამაც გააკეთა.

ნიგერია გთხოვ მესისთვის გაიმარჯვე

ხორვატიასთან 3-0 მარცხის შემდეგ არგენტინის ბედი ნიგერია-ისლანდიის დაპირისპირების შედეგზე იყო დამოკიდებული. მატჩს არგენტინელი გულშემატკივრები დაესწრნენ და ნიგერიის ნაკრებს ქომაგობდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა არგენტინის დროშა გამოფინა, რომელსაც ასეთი წარწერა ამშვენებდა:“ნიგერია, გთხოვ მესისთვის გაიმარჯვე“.

ნეიმარმა კოსტა-რიკის ფეხბურთელის დედას ძუკნა უწოდა

გუშინ ბრაზილიას კოსტა-რიკის დამარცხება ძალიან გაუჭირდა. მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და გამარჯვებულის ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა. კოსტა-რიკელი ფეხბურთელები თავს მედგრად იცავდნენ და ხშირად უხეშობდნენ, ერთ-ერთი წესების დარღვევის შემდეგ ნეიმარი მოწინააღმდეგეს შეეკამათა. TMZ-ის გავრცელებულ ვიდეოში გამოჩნდა, რომ ნეიმარი ოპონენტის დედას „ძუკნას“ უწოდებს. ასეთ დროს ფეხბურთელების მიერ ნათქვამი სიტყვების გარჩევა საკმაოდ რთულია, თუმცა ოპერატორმა შესანიშნავი კადრი დაიჭირა და ჟურნალისტებს ბრაზილიელი ვარსკლავის ფრაზების გაშიფრვა არ გასჭირვებიათ.

„არსენალს“ კემპბელი დაავიწყდა

ჯოელ კემპბელს „არსენალის“ რიგებში დიდი ხანია არ უთამაშია, 25 წლის თავდამსხმელი ბოლოს „მეთოფეთა“ რიგებში 2015-16 წლების სეზონში გამოჩნდა, შემდეგ კი იჯარის წესით ესპანეთსა და პორტუგალიაში იმყოფებოდა. როგორც ჩანს „არსენალის“ სოციალური გვერდის მმართველებს ჯოელი გადაავიწყდათ  და „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ პოსტში გუშინ მსოფლიოზე მოთამაშე მხოლოდ სამი ფეხბურთელი, ალექს ივობი, გრანიტ ჯაკა და სტეფან ლიხშტაინერი მოიხსენიეს. საბედნიეროდ „მეთოფეებმა“ შეცდომა მალევე გამოასწორეს და გარკვეული დროის გასვლის შემდეგ პოსტი კემპბელსაც მიუძღვნეს.

ისლანდიის მოთამაშეების უნიკალური ჟესტი

მოწინააღმდეგესთვის ყვითელი ბარათის მოთხოვნისას გამოყენებული ჟესტი ყველასთვის ცნობილია, თუმცა ვიდეო რეფერის შემოღებამ ფეხბურთელებს შორის ახალი ჟესტების დამკვიდრების „აუცილებლობა“ გააჩინა. ნიგერია-ისლანდიის დაპირისპირებაში, პენალტის ეპიზოდისას, არონ გუნარსონმა მსაჯს ვიდეო გამეორებისკენ საკმაოდ უცნაური ჟესტით მოუწოდა და თითის ყურთან მიტანით შემოიფარგლა.

კაზემიროს სისხლიანი სტარტი

კაზემიროს შეხვედრის დაწყებიდან 12 წუთის შემდეგ ცხვირში ბურთი მოხვდა და სისხლდენის გამო მოედნის რამდენიმე წამით დატოვება მოუწია.

სუპერგმირები სანქტ-პეტერბურგში

მსოფლიო ჩემპიონატს „მარველის“ სუპერგმირებიც უყურებენ. ბრაზილია-კოსტა რიკის მატჩს თვალს „ადამიანი ობობა“ და „რკინის კაცი“ ადევნებდნენ და როგორც ფოტოებიდან ჩანს მატჩით აღტაცებულები ნამდვილად არ ყოფილან

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები