ბასილაშვილი ბალახის სეზონს სუგიტასთან მატჩით გახსნის
Aa
Aa

ბასილაშვილი ბალახის სეზონს სუგიტასთან მატჩით გახსნის

საოგბურთო ელიტა, გრუნტის საფაროვანი კორტებიდან, ბალახის საფარზე ინაცვლებს და დღეიდან შტუტგარტსა და ჰერტოგენბოსხში 250-იანთა კატეგორიის ტურნირები იწყება.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰერტოგენბოსხში იმყოფება და იქაური ტურნირის 1/16 ფინალურ სტადიაზე, იაპონელ იუიჩი სუგიტას შეხვდება.

29 წლის სუგიტა ამჟამინდელ მსოფლიო რეიტინგში 53-ე ადგილზეა და გასულ სეზონში ბალახის საფარზე საკმაოდ შედეგიანად ითამაშა - 16 მატჩიდან 12 თავის სასარგებლოდ დაასრულა.

თუმცა საგულისხმოა, რომ სუგიტა ამჟამად ძალიან ცუდ ფორმაშია და ბოლო 10 მატჩი ზედიზედ წააგო. მისი ბოლო გამარჯვება 28 თებერვლით თარიღდება.

რაც შეეხება ბასილაშვილს, მან წინა სეზონში ბალახზე მხოლოდ 5 შეხვედრა გამართა, რომელთაგანაც 4 წააგო - პეტერ გოიოვჩიკთან, ჟილ მიულერთან, მარკოს ბაგდატისთან და სემ ქუერისთან. ქართველმა მხოლოდ ვეტერანი არგენტინელის, კარლოს ბერლოკის დამარცხება შეძლო.

ბასილაშვილისა და სუგიტას აქამდე 2-ჯერ უთამაშიათ და ორივე შემთხვევაში აზიელმა იმარჯვა. მათ შორის, ერთ-ერთი შეხვედრა 2016 წელს, ბალახის საფარზე, ჰალეს ტურნირის ეგიდით შედგა - სუგიტამ 2 სეტში, 6:3; 6:1 მოიგო.

დღევანდელი დაპირისპირება ჰერტოგენბოსხის ტურნირის პირველ კორტზე ჩატარდება და თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება.

მატჩის გამარჯვებული მომდევნო წრეში, ბედენე-ჩოპილის შეხვედრაში უკეთესს დაუპირისპირდება.

კიდევ ერთი ქართველი, ოქსანა კალაშნიკოვა, ჰერტოგენბოსხის ტურნირის ქალთა თანრიგის წყვილთა შორის ითამაშებს. იგი გერმანელ ტატიანა მარიასთან ერთად, კიკი ბერტენსისა და კირსტენ ფლიპკენსის დუეტს შეხვდება.

ჰოლანდიურ-ბელგიური წყვილი ტურნირზე მე-2 ნომრადაა განთესილი და ტიტულის მოგების ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად ითვლება.

დღევანდელი თამაში თბილისის დროით 14:00 საათიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები