Aa
Aa

ოფიციალურად: უნაი ემერი "არსენალის" მწვრთნელია!

ლონდონის „არსენალს“ ახალი სეზონიდან უნაი ემერი უხელმძღვანელებს.

ჭორები იმის შესახებ, რომ „მეთოფეებს“ მიკელ არტეტა ჩაიბარებდა არ გამართლდა.

ცნობილია ასევე ესპანელი სპეციალისტის ანაზღაურებაც. ის ყოველწლიურად 15 მილიონ ფუნტს მიიღებს.

ემერიმ ამის შესახებ პირველი კომენტარიც გააკეთა: „ბედნიერი ვარ, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ კლუბს შევუერთდი. „არსენალი“ თავისი სათამაშო სტილით მსოფლიოში სახელგანთქმულია, ისევე როგორც მისი დამოკიდებულება ახალგაზრდა მოთამაშეების მიმართ, ფანტასტიური სტადიონი და კლუბის მუშაობის სტრუქტურა.

ჩემთვის პატივია, რომ კლუბს ახალი ისტორიის დაწერაში დავეხმარები. მე, სტენსა და ჯოშ კროენკეებს შევხვდი და მათ სურთ, რომ გუნდმა მომავალში მნიშვნელოვან შედეგს მიაღწიოს.

ბედნიერი ვარ, რომ ერთად ვიმუშავებთ და მოუთმენლად ველი პირველ დღეს“.

„არსენალის“ მფლობელმა სტენ კროენკემ კლუბის გადაწყვეტილება შემდეგნაირად ახსნა: „ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ემერისთან ხელშეკრულება გავაფორმეთ.

გვჯერა, რომ უნაი შესაფერისი მწვრთნელია და ის „არსენალთან“ ერთად ტრიუმფს მიაღწევს.

არჩევანის გაკეთების წინ, ჩვენ ყურადღება მივაქციეთ მის სამუშაო სტილს და ენერგიულობას, რომელიც ჩვენს გუნდს იდეალურად მოერგება“.

ემერის „არსენალში“ დანიშვნას ერთ-ერთი პირველი „სიტის“ თავკაცი პეპ გუარდიოლა გამოეხმაურა.

„ამ ყველაფერზე მისი შედეგები მეტყველებენ. „ვალენსიაში“ და „სევილიაში“ ემერიმ შესანიშნავად იმუშავა. ასევე, კარგი შედეგი ჰქონდა „პსჟ“-ს თავკაცობის დროსაც.

კეთილი იყოს შენი მობრძანება ინგლისში. აქ, კიდევ ერთი კარგი მწვრთნელი მოდის“.

46 წლის უნაი ემერი საფეხბურთო სამყარომ 2006 წელს გაიცნო, როდესაც ახალგაზრდა სპეციალისტი საკმაოდ სიმპათიურ „ალმერიას“ ხელმძღვანელობდა.

ამის შემდეგ იყო „ვალენსია“, მოსკოვის „სპარტაკი“, „სევილია“ და „პსჟ“.

ემერის კარიერის პიკი „დალაქებში” ჰქონდა, როდესაც 2013-14, 2014-15 და 2015-16 წლებში ევროპის ლიგა ზედიზედ სამჯერ მოიგო და ისტორია დაწერა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები