"ვეგას გოლდენ ნაითსის" საოცარი სვლა და დამსახურებული ფინალი
გასულ ზაფხულს, როდესაც ბუკმეიკერებმა “NHL“-ის წინასასეზონო კოეფიციენტები გამოაქვეყნეს „ვეგას გოლდენ ნაითსს“ „სტენლის თასის“ მოგების ყველაზე დაბალი შანსი ჰქონდა - 201! მაგალითისთვის „კლივლენდ ბრაუნს“, რომელმაც შარშან “NFL-ის ყველა შეხვედრა წააგო, 2019 წლის “Super Bowl“-ის მოპოვების უფრო დაბალი კოეფიციენტი მიანიჭეს - 101.
კვირა საღამოს ვეგასელებმა „ვინიპეგი“ დაამარცხეს, სერია 4-1 მოიგეს და „სტენლის თასის“ ფინალში გავიდნენ. „რაინდებმა“ პირველი შეხვედრის წაგების შემდეგ ზედიზედ 4 მატჩში იმარჯვეს და შემდეგ ეტაპის საგზური დამსახურებულად მოიპოვეს.
რაიან რივზმა, რომელმაც „ჯეტსთან“ გამარჯვების გოლი გაიტანა, ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა: „ჩვენ საკუთარ თავს „შეუფერებლები“ შევარქვით. რადგან ჩვენი მთელი სეზონის მანძილზე არავის სჯეროდა. მიუხედავად ამისა ფინალში გავაღწიეთ და იმედი მაქვს ყველაფერი კარგად დასრულდება“.

ვეგასელები ფინალში „ტამპა ბეის“ და „ვაშინგტონის“ გამარჯვებულს დაუპირისპირდება. სერიაში ანგარიში 3-3-ია და გადამწყვეტი შეხვედრა 24 მაისს, ტამპაში გაიმართება.
1960 წლის შემდეგ „გოლდენ ნაითსი“ NHL-ის, NFL-ის, MLB-ის და NBA-ის ეგიდით მეორე გუნდი გახდა, რომელმაც გაფართოების შემდეგ ფინალში გასვლა სადებიუტო წელს მოახერხა. პირველად ასეთი შედეგი „სტ. ლუის ბლუსმა“ 1967-68 წლების სეზონში დააფიქსირა, თუმცა მაშინ ლიგაში მხოლოდ 12 გუნდი ასპარეზობდა და ფლეი-ოფის საგზური 8 მათგანს გადაეცემოდა.
„ვინიპეგის“ დამარცხების შემდეგ ვეგასელებს კლარენს კემპბელის სახელობის თასი გადასცეს, რომელიც ტრადიციულად დასავლეთ კონფერენციის გამარჯვებულს ეკუთნის. ჰოკეის გულშემატკივრებს შორის გავრცელებული ცრურწმენის თანახმად ამ თასთან შეხება გუნდს და მოთამაშეს კარგს არაფერს მოუტანს. თუმცა დერიკ ენგელანდი ამან ვერ შეაჩერა და მოპოვებული ტიტულით ხელში მოედანზე ისრიალა. დერიკმა მარკ-ანდრე ფლერისა და სიდნის კროსბის მაგალითი გაიხსენა და განაცხადა: „ცრუმორწმუნეები არასდროს ვყოფილვართ! ახლა რატომ უნდა შევწყვიტოთ?! ფლერი და კროსბი თასს შეეხნენ, მაგრამ ჩემპიონები მაინც გახდნენ“.

ვეგასელების წარმატების არავის სჯეროდა, თვით ბილ ფოლისაც კი, რომელმაც გაფართოებისთვის 500 მილიონი გადაიხადა. აგვისტოში “ESPN“-სთვის მიცემულ ინტერვიუში ბილმა განაცხადა: „სადებიუტო სეზონისგან ბევრს არაფერს ველით. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ კონკურენტუნარიან გუნდად ვიქცეთ. გვსურს თითოეულ წაგებას ღირსეულად შევხვდეთ და მეტოქეებს დიდი წინააღმდეგობა გავუწიოთ. გვინდა კარგი თამაში ვაჩვენოთ და გოლები გავიტანოთ. კარგ გუნდად ქცევისთვის წლებია საჭირო და ჩემპიონობისთვის ბრძოლას ალბათ 5-6 წლის შემდეგ შევძლებთ“.

„ოქროსფერი რაინდები“ „სტენლის თასის“ ფინალში აბსოლუტურად დამსახურებულად გავიდნენ და მათი საჩემპიონო სვლა „ლესტერის“ საოცარ ასპარეზობას გვახსენებს. წლევანდელ სეზონში ჰოკეის ქომაგებს ორი სურვილი აქვთ - 1) ოვეჩკინის ფინალში ხილვა და ჩემპიონობა და 2) ჩემპიონი დებიუტანტის ყოლა.