''სამეფო კლუბის'' ისტორიული შანსი - ფეხბურთელთა და კალათბურთელთა ერთი მატჩი ჩემპიონობამდე
Aa
Aa

''სამეფო კლუბის'' ისტორიული შანსი - ფეხბურთელთა და კალათბურთელთა ერთი მატჩი ჩემპიონობამდე

საკალათბურთო ევროლიგის 2017-18 წლების სეზონის ნახევარფინალში მადრიდის ''რეალმა'' 92:83 დაამარცხა მოსკოვის ცსკა. ფინალში ''სამეფო კლუბი'' თურქულ ''ფენერბახჩეს'' შეხვდება.

მადრიდულმა კლუბმა ისტორიაში პირველად შესაძლოა ერთ სეზონში კალათბურთსა და ფეხბურთში ევროპის ყველაზე პრესტიჟული გათამაშებები მოიგოს. ფეხბურთში ზინედინ ზიდანის მოთამაშეები იურგენ კლოპის ბიჭებს შეხვდებიან.

''სამეფო კლუბის'' ფეხბურთელები და კალათბურთელები ისტორიაში სამჯერ გავიდნენ ერთ სეზონში კონტინენტის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალში, თუმცა ერთ სეზონში როგორც საფეხბურთო, ასევე საკალათბურთო გუნდს გამარჯვება არ მოუპოვებია. მიმდინარე სეზონში ორივე გუნდი ფინალშია და შესაძლოა  ორივე გაჩემპიონდეს, რაც ისტორიაში პირველად მოხდება.

Marca იხსენებს 1962 წელს, როცა ჩემპიონთა თასის ფინალში ''რეალის'' ფეხბურთელები ეუსებიოს ლისაბონის ''ბენფიკასთან'' დამარცხდნენ, ხოლო ევროლიგის ფინალში თბილისის ''დინამომ'' სძლია ''სამეფო კლუბს.''

1962 წლის ევროლიგის სეზონში ოთარ ქორქიას გაწვრთნილმა ''დინამომ'' რუმინული ''სტიაუა,'' თურქული ''დარიუშაფაკა'' და მოსკოვის ცსკა დაამარცხა. ფინალში თბილისურმა გუნდმა, რომელიც სსრკ-ს სახელით გამოდიოდა, მადრიდის ''რეალს'' აჯობა - 90:83. 1962 წელი სწორედ იმით იყო აღსანიშნავი, რომ ''რეალის'' საკალათბურთო და საფეხბურთო გუნდებმა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირების ფინალში გასვლა შეძლეს, თუმცა ფინალში არ გაუმართლათ.

ანალოგიურად კიდევ ორჯერ მოხდა - 1964 და 2014 წლებში. 1964 წელს ჩემპიონთა თასის ფინალში ''რეალი,'' რომლის შემადგენლობაში ფერენც პუშკაში და დი სტეფანო ასპარეზობდნენ, მილანის ''ინტერთან'' დამარცხდა. ამავე წელს ესპანურმა გუნდმა ევროლიგის ფინალში ჩეხურ ''ბრნოსთან'' გაიმარჯვა.

დი სტეფანო, ჰენტო და პუშკაში

 

2014 წელს ''რეალის'' ფეხბურთელებმა ჩემპიონთა ლიგა მოიგეს. მათ ფინალში თანაქალაქელი ''ატლეტიკო'' დაამარცხეს, თუმცა ევროლიგის ფინალში გასულმა ''სამეფო კლუბის'' კალათბურთელებმა თელ-ავივის ''მაქაბის'' ბარიერი ვერ დაძლიეს.

კარლო ანჩელოტის ''რეალის'' ტრიუმფი

 

26 მაისს კიევის ოლიმპიურ სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის ''რეალი'' ''ლივერპულს'' შეხვდება. რაც შეეხება ევროლიგის სეზონის ბოლო მატჩს, ბასკეთში ფერნანდო ბუესას სახელობის დარბაზში ''რეალისა'' და ''ფენერის'' ფინალური შეხვედრა 20 მაისს თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები