პლატინის სენსაციური აღიარება!
Aa
Aa

პლატინის სენსაციური აღიარება! "მცირე ხრიკს მივმართეთ...სხვაც ასე მოიქცეოდა"

ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი და შემდეგში UEFA-ს პრეზიდენტი (2007-2015) მიშელ პლატინი სენსაციურ განცხადებას აკეთებს.

პლატინიმ francebleu-სთან საუბრისას თქვა, რომ 1998 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიისა და საფრანგეთის ნაკრებთა ბადე ისე მოაწყვეს, რომ მათი გზა ფინალამდე არ გადაკვეთილიყო.

"როდესაც ჩვენ კალენდარი შევადგინეთ, მცირე ხრიკს მივმართეთ. თუ, ჩვენ და ბრაზილია ჯგუფურ ეტაპს პირველი ადგილით დავასრულებდით ფინალამდე ერთმანეთს ვერ შევხვდებოდით.

ჩვენ ამის გამო თავი ცუდად ნადვილად არ გვიგრძვნია. მუნდიალისთვის მოსამზადებლად 6 წელი გვქონდა და რა თქმა უნდა, რაღაც დოზით მაქინაციები გვქონდა. თქვენ რა გგონიათ, სხვა იგივეს არ გააკეთებდა? ყველას სურს, რომ საკუთარი ნაკრები ფინალში ბრაზილიას შეხვდეს".

საბოლოოდ ყველაფერი ფრანგების გეგმის მიხედვით წარიმართა და 12 ივლისს "სტად დე ფრანსზე" ერთმანეთს საფრანგეთი და ბრაზილია დაუპირისპირდნენ. "მამლებმა" "სელესაოს" შანსი არ დაუტოვეს და 3:0 დაამარცხეს.

ასევე, ყველასათვის კარგადაა ცნობილი რონალდოს ისტორია. ბრაზილიელების ვერსიით "ფენომენი" ფინალამდე მოწამლეს, რათა მას ფრანგების წინააღმდეგ თავისი შესაძლებლობები ბოლომდე ვერ გამოეყენებინა.

შეგახსენებთ, რომ 1998 წლის მუნდიალზე გუნდების რაოდენობა 24-დან 32-მდე გაიზარდა და ამ ცვლილებამ 100%-ით გაამართლა.

საფრანგეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, მუნდიალების ისტორიაში (დღემდე) ყველაზე მეტი 171 გოლი გავიდა.

ტურნირმა სარეკორდო აუდიტორია მიიზიდა და მუნდიალის 64 მატჩს, ჯამში 3 მილიარდმა ადამიანმა მიადევნა თვალყური. ერთ შეხვედრას კი საშუალოდ 78 მილიონი ადამიანი უყურებდა.

საფრანგეთისა და ბრაზილიის ნაკრებთა ფინალურ შეხვედრას ჯამში 2 მილიარდმა გულშემატკივარმა უყურა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატი სტარტს 14 ივნისს აიღებს და 15 ივლისს დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები